იტალიის სერია A-ს მესამე ტური ორი მატჩით გაიხსნა და სეზონის მთავარმა ფავორიტმა „ინტერმა“ პირველი მარცხი განიცადა.
ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში „ინტერი“ „ლაციოს“ ესტუმრა და დამსახურებულად დარჩა უქულოდ. „ლაციომ“ მეტოქეს ყველაფერში აჯობა, ჩინებული ფეხბურთი აჩვენა და 3 ქულა მოიპოვა.
მაურიციო სარის გუნდი პირველი ტაიმის ბოლოს ფელიპე ანდერსონმა თავური დარტყმით დააწინაურა და პირველი ნახევარი ლოგიკური შედეგით დასრულდა, რადგან „ლაციოს“ გატანა მანამდეც რამდენჯერმე შეეძლო. მართალია, მეორე ნახევრის სტარტზე ლაუტარო მარტინესმა გაათანაბრა, მაგრამ „ინტერმა“ გამარჯვებისთვის გაბრძოლება მაინც ვერ შეძლო.
ჯერ ლუის ალბერტომ გაიტანა საჯარიმოს მისადგომებიდან ფანტასტიკური სილამაზის გოლი, ხოლო შემდეგ უკვე პედრომ იყოჩაღა, რომელმაც ასევე ეფექტური გოლი შეაგდო - 3:1.
ამრიგად, „ლაციოს“ სეზონში ჩინებული სტარტი აქვს და სამ ტურში 7 ქულა დააგროვა, რითაც ამ წუთისთვის სატურნირო ცხრილის სათავეშია, ხოლო „ინტერს“ 6 ქულა გააჩნია.
მანამდე ტური „მონცას“ და „უდინეზეს“ მატჩით გაიხსნა, რომელიც უდინელებმა 2:1 მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ. თამაშის შემდეგ გაცოფებული იყო „მონცას“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონი, რომელმაც თქვა, რომ „უდინეზე“ 12 კაცით თამაშობდა. სილვიო მსაჯმა მარკო დი ბელომ გააბრაზა და მედიასთან კრიტიკულ და ირონიულ განცხადებებს არ მორიდებია.
სერია A-ს მესამე ტურის დანარჩენი მატჩები უქმეებზე გაიმართება. ტურის ცენტრალური თამაში „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის შედგება, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ ესტუმრება, ხოლო ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „ტორინოს“ დაუხვდება.
„ლაციო“ – „ინტერი“ 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 ფელიპე ანდერსონი (40), 1:1 ლაუტარო მარტინესი (51), 2:1 ლუის ალბერტო (75), 3:1 პედრო (86)
„მონცა“ – „უდინეზე“ 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 კოლპანი (32), 1:1 ბეტუ (36), 1:2 უდოჯი (77)