ფეხბურთი

21:10 | 26.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სტანკოვიჩმა "ცრვენა ზვეზდა" დატოვა, აზაროვის გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დეიან სტანკოვიჩმა დატოვა. სერბმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერ გაიყვანა.

„ცრვენა ზვეზდა“ ჩემი დიდი სიყვარულია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრის სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჩემს თავში სრულ სიცარიელეს ვგრძნობ. არ შემიძლია წინ წასვლა, ახლა ბედი სხვამ უნდა სცადოს“, - თქვა სერბმა სპეციალისტმა, რომელსაც თავის დროზე „ლაციოსა“ და „ინტერში“ ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ის „ცრვენა ზვეზდას“ 2019 წლიდან ავარჯიშებდა.

შედეგად, ირაკლი აზაროვს ბელგრადულ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - მილოშ მილოიევიჩი. 39 წლის სპეციალისტმა სერბეთის ჩემპიონი უკვე ჩაიბარა. ახალგაზრდა სერბი ბოლოს შვედურ „მალმიოში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „ჰამარბის“, „მიალბისა“ და „ვიკინგურის“ მწვრთნელი, ხოლო 2019-2021 წლებში „ცრვენა ზვეზდაში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციას ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ სამი კვირის წინ შეუერთდა, მაგრამ ჯერ დებიუტი არ ჰქონია. ბელგრადული გუნდი ამ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჰაიფას „მაკაბისთან“ დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა (2:3, 2:2).

0.133227