თორნიკე შენგელიას ტრავმის შესახებ ეროვნული ნაკრების ექიმმა, თემურ ხვედელიძემ ისაუბრა. მისი თქმით საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გამოკვლევები ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ჩაიტარა, თუმცა ჯერჯერობით მკურნალობას შეშუპების გამო ვერ იწყებს.
„შენგელიას დაცემის შედეგად დაუზიანდა მხრის სეგმენტში ლავიწის ძვლის შესახსრები სეგმენტი აკრომიონთან, რომელიც არის ლავიწის ძვლის დისლოკაცია. მას გაეწია პირველადი დახმარება რის შემდგომაც გადაწყდა, რომ წამოვსულიყავით იტალიაში. თოკო აქ ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტთან გაესინჯა. რამდენიმე დღეში კი დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და გაირკვევა დაზიანების ხარისხი. ამ ეტაპისთვის მკურნალობა შეშუპების გამო ვერ უტარდება, ამიტომ დიფერენცირება ზუსტად ვერ მოხერხდება. გამოკვლევების შემდეგ გაირკვევა დასჭირდება თუ არა ოპერაცია, თუ რეაბილიტაცია მოხდება კონსერვატიული გზით“, - განაცხადა თემურ ხვედელიძემ.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩის მესამე პერიოდში მიიღო და ნაკრებს ყველაზე მნიშვნელობან დროს გამოაკლდა, რადგან რამდენიმე დღეში ევრობასკეტი იწყება. ტრავმამდე მან არასრული 22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 20 ქულა ჩააგდო და მოედანზე საუკეთესო იყო.