ბრატისლავის „სლოვანი“, რომლის ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ვლადიმირ ვაისის გუნდმს ბოსნიურ „ჟრინსკისთან“ სტუმრად 0:1 ჰქონდა წაგებული, შინ კი ძალზე დრამატული ბრძოლა გადახდა და პენალტების სერიაში იმარჯვა. „სლოვანმა“ ძირითადი დრო ერიკ რამირესის 67-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო და დამატებითი დრო დაინიშნა. 103-ე წუთზე ბოსნიელებმა ანგარიში გაათანაბრეს და ქართველების გუნდი ურთულესი ვითარებაში ჩავარდა, რომელიც 118-ე წუთზე უფრო დამძიდა, რადგან ჯაბა კანკავა გააძევეს. თუმცა, „სლოვანს“ გმირად ერიკ რამირესი მოევლინა, რომელმაც 122-ე წუთზე(!) დუბლი შეასრულა და 2:1. თან, ამ დროს გოლსაც ხომ გააჩნია? ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით! სხვათა შორის, საგოლე პასი მას გურამ კაშიამ გაუკეთა, ყოველ შემთხვევაში, რამირესის დარტყმამდე საჰაერო ორთაბრძოლა სწორედ ქართველმა მცველმა მოიგო. შედეგად, პენალტების სერია დაინიშნა.
ევროპა ლიგის წინა ეტაპზე „სლოვანი“ სწორედ პენალტების სერიაში დამარცხდა პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ და მაშინ გადამწყვეტი პენალტი გიორგი ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა. ამჯერად, ორივე გუნდმა 5-5 პენალტი გაიტანეს, მე-6 თერთმეტმეტრიანი კი ბოსნიელებმა გააცუდეს. სლოვაკების მხრიდან მე-6 პენალტის დასარტყმელად გურამ კაშია მივიდა და თუ გაიტანდა, „სლოვანი“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებოდა, თუმცა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პენალტი გააცუდა. მასპინძელთა საბედნიეროდ, „ჟრინსკიმ“ მეშვიდე პენალტიც გააფუჭა, ხოლო ჩავრიჩმა ბრატისლაველებს გამარჯვება მოუტანა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე 94-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კანკავა, რომელიც ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო, 118-ე წუთამდე ითამაშა, რადგან გააძევეს.
ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის „ლეხი“, რომელმაც „დუდელანჟთან“ შინ მოპოვებული უპირატესობა (2:0) შეინარჩუნა და სტუმრად ფრეს გამორჩა - 1:1. გიორგი წიტაიშვილი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო და ერთ წუთში სწორედ მისი პასით გაათანაბრა ანგარიში პერეირამ. ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 90 წუთი იყო.
ასპარეზობას გამოეთიშა ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“, რომელსაც გერმანულ „კიოლნთან“ სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ შინ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 0:3 დამარცხდა და ჯგუფს მიღმა დარჩა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ზივზივაძემ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
გავარდა ვაკო გვილიას „რაკუვიც“, რომელსაც ასევე მოგებული ჰქონდა პირველი მატჩი პრაღის „სლავიასთან“ შინ 2:1, სტუმრად კი ძირითად დროში 0:1 წააგო და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც მეორე გაუშვა, 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამშიც მარცხი განიცადა. გვილია მოედანზე 91-ე წუთამდე იყო.
ჯგუფში ვერ მოხვდა გაგი მარგველაშვილის „შკუპიც“, რომელიც სტუმრად კოსოვოს ჩემპიონ „ბალკანისთან“ 0:1 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:3). მარგველაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ჩრდილომაკედონიელები მეორე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ.
ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშებს გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში“, რომელიც სტუმრად „შემროკ როვერსთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ შინ 4:0 ჰქონდა მოგებული. უნგრული გუნდის განაცხადში ქართველი ფეხბურთელი არ იყო.
უშანსოდ წააგო ორმატჩიანი დუელი გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ „ალკმაარის“ წინააღმდეგ, ჯერ სტუმრად 0:4 და ამჯერად შინ - 1:2. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 ქართველი ითამაშებს - გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა ("სლოვანი"), ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი"), ხოლო ევროპა ლიგაზე ლუკა გუგეშაშვილი ("ყარაბაღი"), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი"), ირაკლი აზაროვი ("ცრვენა ზვეზდა") და გიორგი ხარაშვილი ("ფერენცვაროში"). აქვე ვახსენოთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") და დავით ხოჭოლავა ("კოპენჰაგენი") ითამაშებენ.
ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 26 აგვისტოს გაიმართება.