ფეხბურთი

17:42 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია მხატვარს მაგონებს"

იტალიელმა ჟურნალისტმა და „ნაპოლის“ გულშემატკივარმა რაფაელე აურიემამ ხვიჩა კვარაცხელია ცნობილ იტალიელ მხატვარს, ბაროკოს ოსტატ კარავაჯოს შეადარა, რომელიც მე-16 საუკუნეში მოღვაწეობდა. როგორც მან თქვა, კვარადონაზე უკეთესი მეტსახელი კვარავაჯო იქნება.

„ბიჭი არსაიდან, უცნობი ქვეყნიდან ჩამოვიდა და ფენომენივით თამაშობს. მე მას უფრო კვარავაჯოს დავუძახებდი, ვიდრე კვარადონას. ის მხატვრის კალმიდან გამოსულ პერსონაჟს ჰგავს და კარავაჯოს დრამატულ რეალიზმს განასახიერებს. თუ კარავაჯოს რომელიმე ნახატთან ასოციაცია უნდა გავაკეთო, ვიტყოდი, რომ „ბიჭი ხვლიკის ნაკბენით“, რადგან ის მინდორზე შხამით გადის. დააკვირდით „ვერონასთან“ გატანილ გოლს და როგორი სიბრაზით დაარტყა ბურთს თავი“, - თქვა აურიემამ.

„ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა ვაღიარო. აპრილში მან ამ გადაცემაში თქვა, რომ "ნაპოლიმ" ფენომენი იყიდა. შესაბამისად, ყოჩაღ, რაფაელე“, - უპასუხა მას ჯუზეპე კრუჩანიმ, რომელიც „იუვენტუსის“ გულშემატკივარია და აურიემასთან როგორც წესი, მუდმივ პოლემიკაშია, თუმცა, კვარაცხელიას თაობაზე დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ორ ტურში 3 გოლი გაიტანა (პლუს 1 საგოლე პასი) და ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 28 აგვისტოს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.

0.116766