ბრიტანელ-ბელგიელი თინეიჯერი მეკ რატერფორდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება, რომელმაც მარტომ მსოფლიოს შემოუფრინა. მოგზაურობას მან ხუთი თვე მოანდომა, რა დროსაც, მას მუსონურ წვიმებთან და პაპანაქება სიცხესთან, ასევე ბიუროკრატიასთან ბრძოლა უწევდა.
17 წლის რატერფორდმა თავისი მოგზაურობა 23 მარტს დაიწყო, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მახლობლად მდებარე აეროდრომიდან. ზემსუბუქ ერთადგილიან თვითმფრინავ „შარკ აეროთი“ მან 54 124 კილომეტრი იფრინა და 30-ზე მეტ ქვეყანას ეწვია. ბოლო დაჯდომაც სოფიასთან მდებარე აეროდრომზე შეასრულა.
„ჩემი მოგზაურობისას იყო მომენტები, როდესაც ამ ყველაფრისთვის თავის დანებება მსურდა. მაგრამ ეს არ გავაკეთე. ხანდახან არც მჯეროდა, რომ ბოლომდე მივაღწევდი. საოცარია, რომ ეს შევძელი. მიზანს მივაღწიე. ის იმაზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე მე ვიმედოვნებდი. ეს იყო განსაცვიფრებელი, ძალიან საინტერესო მოგზაურობა და არ ვნანობ, რომ ის წამოვიწყე“, - განაცხადა რატერფორდმა, ვინც გზად გინესის ორი რეკორდიც დაამყარა.
რატერფორდს მოგზაურობა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რადგან მას ხშირად ფრენის უფლების გაცემას უგვიანებდნენ. გზად მან აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას გადაუფრინა და საბოლოოდ, ევროპას დაუბრუნდა.
ის ამბობს, რომ ყველაზე მეტად, საჰარის უდაბნოს, გრენლანდიის და ისლანდიის თავზე გადაფრენა მოეწონა. ჰქონდა რთული გამოწვევები. მაგალითად, ცუდ ამინდში, ათი საათი გაატარა ჰაერში, როდესაც იაპონიიდან წყნარ ოკეანეს გადაუფრინა.
სუდანის თავზე ფრენისას, სიცხემ ის წებო გაალღო, რომელიც მზის ელემენტებს იჭერდა. ელემენტები სანთელს მოსწყდა და შემდეგ მისი რემონტი გახდა საჭირო. გამდნარმა წებომ ბოლი გაუშვა, რამაც ახალგაზრდა პილოტს პრობლემები შეუქმნა.
ინდოეთში ფრენისას, მუსონურ წვიმაში მოყვა. წყალმა საწვავის ავზებშიც კი შეაღწია და კაბინაში საბუთები დაასველა.
რაც შეეხება გინესის რეკორდებს. რატერფორდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება, ვინც მსოფლიოს შემოუფრინა. მანამდე ეს ტიტული ინგლისელ ტრევის ლადლოუს ეკუთვნოდა, რომელმაც შარშან მსოფლიოს 18 წლისამ შემოუფრინა. გარდა ამისა, რატერფორდი არის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც მსოფლიოს ზემსუბუქი თვითმფრინავით შემოუფრინა. მანამდე ეს რეკორდი მის დას, ზარას ეკუთვნოდა, რომელმაც თავისი ფრენა იანვარში დაასრულა.