ვუელტა ესპანიას ახალი ლიდერი ჰყავს - ფრანგი რუდი მოლარი. მეხუთე ეტაპი კი, რომელიც ბილბაოში დასრულდა და რომელზეც დიდი ინციდენტი მოხდა, ესპანელი მარკ სოლერის გამარჯვებით დასრულდა.
რბოლა მეორემ დაასრულა სამხრეთაფრიკელმა დერილ იმპიმ, ბრიტანელი ფრედ რაიტი კი მესამე იყო. ბასკეთის გორაკიან გზებზე, ფავორიტებმა ამ სამეულს გალაღების საშუალება მისცეს და ძალები უფრო გვიანი ეტაპებისთვის შემოინახეს. მეხუთე ეტაპის შემდეგ, მოლარი მხოლოდ ორ წამს უგებს მეორეზე გადასულ რაიტს. აღსანიშნავია, რომ 32 წლის მოლარი ლიდერის წითელ მაისურს პირველად არ იცვამს - 2018 წლის რბოლისას, მან ეს მაისური ოთხ ეტაპზე ატარა. თუმცა მას შემდეგ, რთული პერიოდი ჰქონდა. თავად იხსენებს, რომ გასულ სეზონში, ვუელტაზე რბოლისას, მძიმე ავარიაში მოჰყვა და მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ სპორტს დაუბრუნდებოდა. იმ ავარიისას ფილტვის მძიმე დაზიანება მიიღო.
რაიტს წითელი მაისურის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა. ამისთვის მას იმპი უნდა ჩამოეტოვებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. ის 25 წლამდელთა ჩათვლაში ლიდერობს.
სოლერმა ლიდერობა ეტაპის მეხუთე (და ბოლო) აღმართის შემდეგ იგდო ხელთ. შემდეგ კი დაღმართზეც სწრაფად გაიარა და ქალაქის ცენტრში, გუგენჰაიმის მუზეუმთან არსებულ ფინიშზეც პირველი მივიდა.
ცნობისათვის, ბასკეთში მომავალი წლის ტურ დე ფრანსის სამი ეტაპი ჩატარდება.