ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც ლეგენდარულმა მენეჯერმა აღნიშნა, ხვიჩა ამომავალი ვარსკვლავია, მაგრამ ჯერ შეფასებების გაკეთება ადრეა.
„ამ მომენტისთვის „ნაპოლიმ“ საუკეთესო ტრანსფერები განახორციელა. კვარაცხელიას უკვე იცნობდნენ და ჯუნტოლიმ პირველი ის აიყვანა. არ ვიცი, ქართველი ვიქტორ ოსიმენის მარჯვენა ხელია თუ პირიქით, მაგრამ ფაქტია, ეს ბიჭები მერტენსის და ინსინიეს წასვლას გუნდს არ დაატყობენ.
უნდა დაველოდოთ, როგორი გავლენა ექნება დიდ მატჩებში კვარაცხელიას. ახლავე უნდა ითქვას, რომ ამომავალი ვარსკვლავია, შესანიშნავი ფეხბურთელი, მაგრამ შეფასებებში სიფრთხილე საჭიროა. ამ ბიჭს არაფერს ვუკარგავ, თუმცა ჯერ დასკვნები ნაადრევია“, - თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, რითაც ბომბარდირთა დავაში უკვე ლიდერია. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 28 აგვისტოს, „ფიორენტინას“ ესტუმრება.