იტალიურმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. როგორც ავტორიტეტული გაზეთი წერს, ქართველი ამ ტემპით თუ გააგრძელებს, ლეტალური ფეხბურთელი გახდება და უკვე შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერია.
„როგორ იწერება ქართულად tiro a giro? „ნაპოლის“ გულშემატკივარი თავიანთი ირონიითვე გაგიჟდნენ, რადგან კვარაცხელიას პირველ გოლზე ბევრს ლორენცო ინსინიეს კლასიკური თამაში გაახსენდა: ფლანგიდან ცენტრისკენ შეწევა და დარტყმა შორეულ კუთხეში. კვარაცხელია ლორენცინოს მიბაძვით არ შემოიფარგლა, არამედ ბევრად მეტი გააკეთა. „დინამო ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა შთამბეჭდავი გავლენა მოახდინა იტალიის ჩემპიონატზე: ორ თამაშში სამი გოლი და ბევრი ხარისხიანი მოქმედება. მან გოლი თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხით გაიტანა, აჩვენა, რომ დრიბლინგების დროს ძალიან არაპროგნოზირებადია, მაგრამ ეს არის თვისება, რომელიც პრესეზონზეც წარმოაჩინა.
მისი 10 მილიონ ევროდ დამატება ალბათ ამ სატრანსფერო ფანჯარაში საუკეთესო გარიგებაა, რადგან ხარისხი-ფასის შეფარდებით ნათელია, რომ „ნაპოლიმ“ პატარა შედევრი გააკეთა. ეს „აძურის“ სკაუტინგისა და კრისტიანო ჯუნტოლის დამსახურებაა, რომელმაც სწრაფად იმოქმედა, როცა იანვარში ნათელი გახდა, რომ ინსინიე გუნდიდან წავიდოდა. კვარა „იუვენტუსის“ სამიზნეც იყო, მაგრამ ჯუნტოლიმ პირველმა იმოქმედა. გარდა ამისა, „ნაპოლიმ“ ქართველს წარუდგინა პროექტი, რომლის ცენტრალურ ნაწილშია პირველივე წუთიდან და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის წყალობით მას საერთაშორისო დონეზეც კურთხევის შესაძლებლობას აძლევს.
ძალიან მოკლე დროში ის თანაგუნდელებისთვისაც ამოსავალი წერტილი გახდა: „ძალიან ბედნიერი ვარ კვარას გამო, შესანიშნავად ითამაშა და ჩვენი ურთიერთგაგება მოედანზე იხვეწება, რომელზეც მუშაობას ვაგრძელებთ“, - თქვა ვიქტორ ოსიმენმა „მონცასთან“ თამაშის შემდეგ.
ურთიერთგაგება, რომელიც შეიძლება სასიკვდილო გახდეს, როგორც კვარაცხელია შეიძლება გახდეს ლეტალური, ამ ტემპით თუ გააგრძელებს. „სტადიო მარადონა“ მასზე გიჟდება და 70-ე წუთზე, როცა ელმასმა შეცვალა, სეზონის პირველი ოვაციები მიიღო“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს და ამ წუთისთვის ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზეა. სხვათა შორის, 2010 წლიდან მოყოლებული ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონისა და ლორენცო ტონელის შემდეგ კვარაცხელია "ნაპოლის" მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც სერია A-ს საწყის ორ თამაშში გაიტანა.
„ნაპოლის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და „ინტერთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.