ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სტარტზე უბრალოდ შეუჩერებელია და მორიგი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა, რომელშიც დუბლი შეასრულა!
„ნაპოლიმ“ „მონცას“ უმასპინძლა და ამჯერად კვარას დებიუტი „სტადიო მარადონაზე“ შედგა, თანაც როგორი?! ყველა რომ ინატრებდა! ხვიჩამ ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა, როცა დაახლოებით 25 მეტრიდან მეკარისგან შორეულ კუთხეში გაისროლა, ბურთი ძელს მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა. ფანტასტიკური გოლი იყო, რომელშიც ტურში საუკეთესოობაზე რეალური პრეტენზია ექნება (პირველ ტურში ხვიჩას საგოლე პასი იყო საუკეთესო).
62-ე წუთზე ხვიჩამ დუბლი გაიფორმა და არანაკლები სილამაზის გოლი გაიტანა. ამჯერად მან მცველი მოატყუა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ესეც პირველი იტალიური დუბლი! ქართველი ლუჩანო სპალეტიმ 70-ე წუთზე შეცვალა და რა თქმა უნდა, „სტადიო მარადონამ“ ის მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილა. "აძურიმ" 4:0 მოიგო, ხვიჩას გარდა, ვიქტორ ოსიმენმა და კიმ მინ-ჯემ გაიტანეს.
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს და ამ წუთისთვის ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზეა. სხვათა შორის, 2010 წლიდან მოყოლებული ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონისა და ლორენცო ტონელის შემდეგ კვარაცხელია "ნაპოლის" მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც სერია A-ს საწყის ორ თამაშში გაიტანა.
„ნაპოლის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და „ინტერთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.