ფეხბურთი

19:32 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ლოკომოტივი" ისევ დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა.

თამაში „ლოკომოტივისთვის“ კარგად დაიწყო და ანდრო გიორგაძის გოლით თბილისელები დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე ლაშა შერგელაშვილმა გათანაბრება მოახერხა. მეორე ნახევარში კი ქუთათურებმა სათამაშო უპირატესობა კიდევ ორ გოლში ასახეს და ორივე გოლი გიორგი კუხიანიძის აქტივშია.

„ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 30 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „თელავს“ შეხვდება. „ლოკომოტივს“ ისევ 3 ქულა გააჩნია და ბოლო პოზიციაზეა, წინ კი „დინამო ბათუმთან“ მატჩი ელოდება.

დღესვე „გაგრამ“ „თელავს“ უმასპინძლა და ტაიმი 1:0 კი მოუგო, მაგრამ მეორე ნახევარში კახელებმა გაათანაბრეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „გაგრას“ 23 ქულა აქვს, „თელავს“ – 27.

„ტორპედო“ – „ლოკომოტივი“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 გიორგაძე (14), 1:1 შერგელაშვილი (20), 2:1 კუხიანიძე (56), 3:1 კუხიანიძე (87)

„გაგრა“ – „თელავი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ხოსიტაშვილი (34), 1:1 ყაველაშვილი (83)

0.115777