Sky Sport-ის კომენტატორმა მაურიციო კომპანიონიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას „ნაპოლიში“ გადასვლამდე იცნობდა. ცნობილი კომენტატორი ფიქრობს, რომ ხვიჩა ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელია.
„კვარაცხელია ეგრევე მომეწონა, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს. დაველოდოთ პარალელებს, ინსინიემ „ნაპოლიში“ უახლესი ისტორია დაწერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაფერისი მოთამაშით შეცვალეს. ნდომბელეს კარგად ვიცნობ, კვარას ნაკლებად, თუმცა დავინახე, რომ ნამდვილად ტალანტია“, - თქვა კომპანიონიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში სადებიუტო თამაშში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლიმ“ „ვერონა“ 5:2 დაამარცხა, მეორე ტურში კი 21 აგვისტოს, „მონცას“ უმასპინძლებს.