სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

22:35 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩემი კალათბურთელების მჯერა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პოლონეთის ნაკრებთან მარცხის (76:87) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მიუხედავად წარუმატებელი სერიისა პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებენ და თავისი კალათბურთელების სჯერა.

„დავასრულეთ აკროპოლისის თასზე გამოსვლა და მოსამზადებელი ეტაპი. ახლა კონცენტრაციას ოფიციალურ მატჩებზე გავაკეთებთ, პირველ რიგში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსა და შემდეგ ევრობასკეტზე. ძალიან მჯერა ჩემი კალათბურთელების, მჯერა, რომ დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ პოზიტივი უნდა შევინარჩუნოთ. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ მცირე დეტალებზე, მაგრამ მჯერა, რომ დღითიდღე ვაუმჯობესებთ ჩვენს ტაქტიკურ მონახაზს, ეს რთული იყო, რადგან ექსპერიმენტული პერიოდი გვქონდა, ვითამაშეთ მაღლებით, დაბლებით, სხვადასხვა დაცვით ვითამაშეთ, ვცდილობდით, რომ განსხვავებული მონახაზი დაგვემუშავებინა. ვიმეორებ, მჯერა ამ გუნდის და 24 აგვისტოს სავსე დარბაზს ველოდებით. წინასწარ მადლობა მხარდაჭერისთვის“, - თქვა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრებმა როგორც ვთქვით, ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა (ორ-ორჯერ უნგრეთთან და ისრაელთან, თურქეთთან, საბერძნეთთან და პოლონეთთან). შედეგად, აკროპოლისის თასი გუნდმა სამი წაგებით ბოლო ადგილზე დაასრულა.

ახლა წინ მხოლოდ ოფიციალური მატჩებია: 24 აგვისტოს, თბილისში ნიდერლანდებთან და 27 აგვისტოს, ბრეშაში იტალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები, ხოლო 1-7 სექტემბერს, თბილისში ევრობასკეტის მატჩები ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.134426