ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.
55 კგ წონით კატეგორიაში თამაზ ღლონტმა ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს, რომლის პირველ წრეში ირანელ სეიედარაშ ნეგაჰდურის შეხვდება.
63 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებით აიღო სტარტი რომეო ბერიძემ, მაგრამ ისიც მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში თურქ აზათ სარიარს გაეჯიბრება.
მედლის მოპოვების შანსი დაკარგა სამმა ქართველმა მოჭიდავემ - თორნიკე მიქელაძემ (77 კგ), იაგო გობაძემ (87 კგ) და ცოტნე ცინცაძემ (130 კგ) საწყის ეტაპებზე წააგეს და ვინაიდან მათო მეტოქეები ფინალამდე ვერ მივიდნენ, რეპეშაჟის შანსიც დაკარგეს.
შეგახსენებთ, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა - ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.