ფეხბურთი

1:05 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "საოცნებო დებიუტი, კვარაცხელიას ვარსკვლავი კაშკაშებს"

ხვიჩა კვარაცხელიას იდეალური დებიუტი გამოუვიდა - სერია A-ს პირველსავე თამაშში გოლს და საგოლე პასს ნებისმიერი მოაწერდა ხელს.

„ნაპოლიმ“ „ვერონა“ 5:2 რომ დაამარცხა, ამის მთავარი შემოქმედი ქართველი შემტევია, რომელიც იტალიური მედიის ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა და მთელმა რიგმა გამოცემებმა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

„კვარაცხელიას ვარსკვლავი კაშკაშებს“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი მატჩის მიმოხილვის სათაურში.

„კვარაცხელიამ ტაში დაიმსახურა“, - ეს უკვე Corriere Dello Sport-ის ჰედლაინია: „დიდებული კვარაცხელია, ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე, გოლის, საგოლე პასისა და მრავალი აპლოდისმენტის ავტორი“, - ვკითხულობთ რომაული გაზეთის წერილში.

„ვინ იყო გმირი? ახალწვეული კვარაცხელია, რომელმაც თავიდანვე გვაჩვენა, რომ აქ არის: გოლი, საგოლე პასი და ბევრი მწვავე თამაში. „ნაპოლიმ“ მასში ინვესტიცია ჩადო და მტკიცე ხასიათით ითამაშა, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა“, - წერს Goal Italia.

„კვარაცხელიას საოცნებო დებიუტი“ - ეს უკვე Calciomercato-ს სათაურია, რომელიც ასევე წერს: "ქართველი ფეხბურთელი უკვე იძლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს". გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლიტანურმა გამოცემებმაც შეაქეს, რაც ლოგიკურია, რადგან ხვიჩა მოედანზე ნამდვილად გამორჩეული იყო.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში 21 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდება.

0.078702