ფეხბურთი

1:19 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" მოგებით დაიწყო, ლოჩოშვილის გარეშე "კრემონეზე" დრამატულად დამარცხდა

სერია A-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო „რომამ“, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე საგრძნობლად გაძლიერდა და ბევრის აზრით, სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტია.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა გასვლაზე „სალერნიტანას“ აჯობა, თუმცა დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა და მხოლოდ 1:0 იმარჯვა. ეს გოლი პირველ ტაიმში ბრაიან კრისტანტემ გაიტანა. ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია და ცხადია, მოურინიოს შეგირდები იდეალურ კონდიციებში არ არიან, მაგრამ თუ მათ ჩემპიონობის ამბიცია მართლაც აქვთ, უკეთ ათამაშება მოუწევთ, მიუხედავად იმისა, რომ "ჯალოროსის" ძალიან ბევრი აშკარა საგოლე მომენტი ჰქონდა.

ლუკა ლოჩოშვილის გარეშე „კრემონეზემ“ სტარტი წაგებით აიღო. მასიმილიანო ალვინის გუნდმა ელიტაში 1996 წლის შემდეგ პირველად ითამაშა და ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ ძალზე დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. „კრემონეზე“ ორჯერ აგებდა და ორჯერვე გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე კი მეკარე რადუმ დააღალატა, რომელმაც ისეთი გოლი გაუშვა, მის პროფესიონალიზმში შეიძლება ეჭვიც შევიტანოთ... ლოჩოშვილს ჯერ საბურთების პრობლემა აქვს და ამიტომაც, განაცხადში არ იყო.

სეზონი მოგებით დაიწყო „ლაციომ“, რომელიც „ბოლონიასთან“ შინ აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში დააქამბექა, ხოლო „სპეციამ“ საკუთარ კედლებში „ემპოლის“ სძლია.

ტური ხვალ ორი მატჩით დასრულდება: „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ უმასპინძლებს, ხოლო მანამდე ჩვენთვის მთავარი თამაშია ვერონაში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ითამაშებს.

„სალერნიტანა“ – „რომა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კრისტანტე (33)

„სპეცია“ – „ემპოლი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ნზოლა (36)

„ფიორენტინა“ – „კრემონეზე“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 ბონავენტურა (16), 1:1 ოკერეკე (19), 2:1 იოვიჩი (34), 2:2 ბუონაიუტო (68), 3:2 მანდრაგორა (90)

„ლაციო“ – „ბოლონია“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (38, პენ), 1:1 დე სილვესტრი (68, ა.გ), 2:1 იმობილე (79)

0.107821