სხვა

3:19 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუმინელმა პოპოვიჩიმ 100 მეტრზე თავისუფალში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

რუმინელმა თინეიჯერმა დავიდ პოპოვიჩიმ, რომში მიმდინარე ცურვის ევროპის ჩემპიონატზე, 100 მეტრზე თავისუფალ სტილში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 17 წლის მოცურავემ ფინიშს 46.86 წამში მიაღწია და 0.5 წამით გააუმჯობესა ძველი რეკორდი, რომელიც 13 წლის წინათ, რომშივე დამყარდა.

წინა რეკორდი 2009 წელს, ბრალიზიელმა სესარ სიელომ, იმავე ფორო იტალიკოზე, მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაამყარა, რომელშიც ამჟამად ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. თანაც, მაშინ მოცურავეები სპეცალურ, აეროდინამიკურ (ჰიდროდინამიკურ) სამოსებში იყვნენ გამოწყობილნი, რაც ახლა აკრძალულია.

მეორე ადგილი უნგრელმა კრიშტოფ მილაკმა დაიკავა, ვინც ფინიშს 47.47 წამში მიაღწია. მესამე ადგილი კი იტალიელმა ალესანდრო მირესიმ (47.63 წამი) დაიკავა.

„ვიცოდი, რომ ეს დღე ახლოვდებოდა. მიხარია, რომ ჩემმა რეკორდმა ასე დიდხანს გაძლო. 100 მეტრზე თავისუფალში, მსოფლიოში უსწრაფესი კაცი გამოჩნდა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ძველმა რეკორდსმენმა სიელომ.

პოპოვიჩიმ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ივნისში გაიმრთა, 100 და 200 მეტრზე თავისუფალ სტილში, ოქროს მედლები მოიპოვა. ის საკუთარ თავს „გამხდარ ლეგენდას“ უწოდებს და აღიარებს, რომ მისი შთაგონების წყარო, ბრიტანელი ოლიმპიური ჩემპიონი ადამ პიტია.

პიტიმ ნახევარფინალური გაცურვის დროს, 100 მეტრზე ბრასში შეძლო თავისივე რეკორდის მოხსნა - 56.88 წამში გაცურა.

პოპოვიჩი კი ამბობს, რომ ახლა მისი მიზანი, ასი მეტრის 45 წამზე ნაკლებში გაცურვაა. „ადამ პიტი ისეთ მიზნებს ისახავს, რაც ბევრს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ მიაჩნია. მაგრამ მისთვის ასე არაა. ჰოდა, მეც ასე მოვიქცევი“, - ამბობს პოპოვიჩი.

0.116828