ძიუდო

1:51 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

შალვა გურეშიძის ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში ძიუდოში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატზე შალვა გურეშიძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და საქართველოს მეოთხე მედალი მოუტანა.

+100 კგ წონით კატეგორიაში შალვა გურეშიძემ ყაზახი ნურსულტან კაბლანი და ესტონელი კარლ ტურკ პრილინი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ იუტა ნაკამურას ვერ გაუმკლავდა. ბრინჯაოს მედლისთვის შალვამ ნიდერლანდელ ჯულეს ბლომს აჯობა.

ამავე წონაში იასპარეზა ირაკლი დემეტრაშვილმა, რომელიც პირველივე შეხვედრაში უზბეკ უტკირბეკ ტუობოიევთან დამარცხდა. ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში ასევე პირველ წრეში გამოეთიშა ასპარეზობას ანა შერაზადიშვილი, რომელიც კუბელ დიანარა ტრავიესო კურბელოსთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა, თუმცა ოქროს გარეშე და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეათე ადგილი დაიკავა. გურეშიძის გარდა, ბრინჯაო თორნიკე მაზიაშვილმა მოიპოვა, ხოლო გიორგი სარდალაშვილი და გიორგი ტერაშვილი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. დღეს მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდურ ასპარეზობაში გაიმართება.

0.155996