ჯოვანი სიმეონეს სატრანსფერო საგას წერტილი პრაქტიკულად დაესვა და 27 წლის არგენტინელი „ნაპოლიში“ ითამაშებს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ნეაპოლელებსა და „ვერონას“ შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა და ჯოვანი „აძურის“ იჯარით შეუერთდება, რომლის საფასური 3.5 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, გაისად, „ნაპოლის“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება 12 მილიონ ევროდ იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავა, ან სიმეონე კონკრეტული გოლების რაოდენობას გაიტანს.
მოსალოდნელია, რომ დიეგო სიმეონეს ვაჟი ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ის ანდრეა პეტანიას შეცვლის, რომელიც „მონცაში“ გადავიდა და ვიქტორ ოსიმენის ალტერნატივა იქნება.
ჯოვანი სიმეონემ გასულ სეზონში „ვერონას“ რიგებში 35 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. კარიერის განმავლობაში არგენტინელს „რივერ პლეიტში“, „ბანფილდში“, „ჯენოაში“, „ფიორენტინასა“ და „კალიარიში“ აქვს ნათამაშები.