ფეხბურთი

21:27 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგისა და სერია A-ს სტარტი: ითამაშებენ თუ არა ქართველები პირველ ტურში

ტოპლიგებიდან პრემიერლიგა, ბუნდესლიგა და ლიგა 1 ჯერ კიდევ წინა უიქ-ენდზე დაიწყო, მაგრამ დამდეგ უქმეებზე სტარტს სერია A და ლა ლიგა აიღებს, რაც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებში ითამაშებენ ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა ლოჩოშვილი და გიორგი მამარდაშვილი.

სეზონის პირველ შეხვედრას ხვიჩა და გიორგი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ. „ნაპოლი“ 15 აგვისტოს, გასვლაზე „ჰელას ვერონას“ დაუპირისპირდება და Corriere Dello Sport-ის, Gazzetta Dello Sport-ისა და სხვა იტალიური გამოცემების სავარაუდო შემადგენლობაში ქართველი შემტევი ფიგურირებს. პრესეზონზე კვარაცხელია ნეაპოლელთა ნათელი წერტილი იყო და ბუნებრივია, რომ ლუჩანო სპალეტი მას სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩშივე სასტარტოში გაამწესებს.

„ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ჯენარო გატუზო, მაგრამ იტალიელიც ხოსე ბორდალასის დარად გიორგი მამარდაშვილს პირველ ნომრად განიხილავს. მამარდაშვილი „ჟირონასთან“ 14 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში „ლოს ჩეს“ კარს დაიცავს - ვარაუდობს Marca და შეიძლება ითქვას, რომ ეს ეჭვს არც იწვევს.

ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია - ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც „კრემონეზეს“ წევრია. თუმცა, სერია A-ს პირველი ტური, როგორც ჩანს, 24 წლის მცველის გარეშე ჩაივლის. 1996 წლის შემდეგ პირველად „კრემონეზე“ ელიტაში ითამაშებს და ფლორენციაში „ფიორენტინას“ ესტუმრება, მაგრამ ლოჩოშვილი არათუ სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებს, არამედ განაცხადშიც. ლუკა „კრემონეზეს“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი მას ჯერ ვერ დაეყრდნობა, რადგან ქართველს არაევროკავშირელის საბუთი ჯერ არ აქვს და მის აღებას დრო სჭირდება.

0.124256