საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს, რომლის ფარგლებში თბილისში ისრაელის ნაკრებს ამხანაგურად დაუპირისპირდა.
ილიას ზუროსის გუნდმა დაცვაში კიდევ ერთხელ ითამაშა ცუდად, რაც მორიგი საკონტროლო მატჩის წაგებად დაუჯდა - 96:104. როგორც ხედავთ, საქართველო შეტევაში კარგი იყო, მაგრამ იგივეს უკანა ხაზზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
სტუმრებმა განსაკუთრებით თავი სამქულიანებით გამოიჩინეს და ამ პრობლემას ქართველი კალათბურთელები ვერ გაუმკლავდნენ. ისრაელის ნაკრები უპირატესობას მთელი თამაში ფლობდა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 26 ქულა მიითვალა, დუდა სანაძე და გიორგი შერმადინი 15-15 ქულით გამოირჩნენ, ხოლო თად მაკფადენმა გუნდს 13 ქულა შესძინა.
საქართველოსა და ისრაელის ნაკრებები 13 აგვისტოს ამხანაგურად კიდევ ერთხელ გაეჯიბრებიან, თუმცა მატჩი მედიისა და გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება. ამის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი აკროპოლისის თასზე ითამაშებს მასპინძელი საბერძნეთის, თურქეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ, მერე კი ოფიციალური მატჩების ჯერი დადგება.
24-27 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო ნიდერლანდებს შინ და იტალიას სტუმრად შეხვდება, ხოლო 1-7 სექტემბერს, თბილისში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება, რომლის პირველ ტურში საქართველო ბელგიას უმასპინძლებს.