ფეხბურთი

1:38 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას საგოლე პასი, ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი გააცუდა და "სლოვანი" გავარდა (+VIDEO)
ქართველი ლეგიონერების სამი კლუბის ბედი დამატებით დროსა და პენალტებში გადაწყდა

ევროტურნირები ქართული გუნდების გარეშე გრძელდება, მაგრამ ქართველი ლეგიონერების არაერთმა კლუბმა ითამაშა. ყველაზე გამოსარჩევი ევროპა ლიგაზე ბრატისლავის „სლოვანის“ თამაში იყო, რომელიც „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა, გადამწყვეტი პენალტი კი გიორგი ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა.

ბრატისლავის „სლოვანი“ ევროპა ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დრამატულად გამოეთიშა, რადგან პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. პირველი მატჩი საბერძნეთში 1:1 დასრულდა, საპასუხოც 90 წუთში ანალოგიურად. ვლადიმირ ვაისის გუნდი აგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა. 102-ე წუთზე პირეოსელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, 108-ე წუთზე კი გურამ კაშიას პასით ანდრე გრინმა გაათანაბრა და ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი გააცუდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სლოვაკთა ორივე საგოლე შეტევა ჩაკვეტაძის სტანდარტულებს მოჰყვა - ჯერ კუთხურს, მერე ჯარიმას. "სლოვანმა" მთელი დამატებითი დრო რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა, რადგან 95-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს.

თერთმეტმეტრიანების სერიის პირველი დარტყმა „ოლიმპიაკოსმა“ გააცუდა, თუმცა შემდეგ ბერძნებმა 4 დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ხოლო სლოვაკთა მხრიდან ჯერ მესამე პენალტი იურაი კუცკამ ვერ გაიტანა, ხოლო მეხუთე პენალტი ჩაკვეტაძეს ტომაშ ვაცლიკმა აუღო და „სლოვანი“ კონფერენს ლიგაზე გადაერთვება, არადა, ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო. სლოვაკეთის ჩემპიონი რანგით მესამე ტურნირის პლეი-ოფში ბოსნიურ „ჟრინსკის“ დაუპირისპირდება. გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე 120-120 წუთი გაატარეს, ხოლო ჯაბა კანკავა ვაისმა 90-ე წუთზე შეცვალა, როცა მისი გუნდი აგებდა და თამაშში ფორვარდი ჩართო. მთლიანობაში, თამაშით "სლოვანი" "ოლიმპიაკოსზე" უკეთ გამოიყურებოდა და მომდევნო ეტაპზე გასვლას უფრო მეტადაც იმსახურებდა...

პოზნანის „ლეხმა“ ისლანდიურ „ვიკინგურთან“ სიტუაცია გამოასწორა და პლეი-ოფში გავიდა. პოლონეთის ჩემპიონს სტუმრად 0:1 ჰქონდა წაგებული, შინ კი 95-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა და მომდევნო ეტაპზე გადიოდა, მაგრამ ისლანდიელებმა გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. თუმცა, იქ „ვიკინგურმა“ ვეღარაფერი გაახერხა, „ლეხმა“ კიდევ 2 გოლი გაიტანა და თამაში 4:1, ორი მატჩის ჯამში კი 4:2 მოიგო და ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ნიკა კვეკვესკირი პოლონელთა რიგებში 68-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, ხოლო გიორგი წიტაიშვილი 120 წუთის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩა. „ლეხი“ პლეი-ოფში ლუქსემბურგის „დუდელანჟს“ შეხვდება.

პლეი-ოფს მიღმა დარჩა ბაქოს „ნეფთჩი“, რომელმაც ასევე დამატებითი დრო ითამაშა. აზერბაიჯანულ კლუბს ვენის „რაპიდთან“ შინ 2:1 ჰქონდა მოგებული, სტუმრად კი 67-ე წუთზე გაუშვა და ძირითად დროში 0:1 დამარცხდა. შედეგად, დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც ვენელებმა კიდევ ერთი გაიტანეს, თამაში 2:0, ორი მატჩის ჯამში კი 3:2 მოიგეს. სოლომონ კვირკველია 118-ე წუთზე შეცვალეს, როცა „ნეფთჩის“ გოლი ჰქონდა გასატანი და მის ნაცვლად თამაშში შემტევი ჩაერთო, ხოლო ვატო არველაძე განაცხადში არ იყო.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტე“, რომელმაც ლატვიურ „რიგასთან“ გასვლაზე 1:1 ითამაშა, ამჯერად კი შინ იოლად 4:0 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა 68-ე წუთიდან ითამაშა. „ჟილ ვისენტე“ პლეი-ოფში „ალკმაარს“ შეხვდება, რომელმაც სხვათა შორის, შოტლანდიური „დანდი იუნაიტედი“ 7:0 გაანადგურა (ორი მატჩის ჯამში 7:1).

შეგახსენებთ, რომ მანამდე კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდნენ ნიქოზიის „აპოელი“ (გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი, ლაშა დვალი), „ფეჰერვარი“ (ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც დუბლი შეასრულა) და „რაკუვი“ (ვაკო გვილია)

0.137324