ფეხბურთი

0:52 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ახალი სეზონი ტიტულით დაიწყო

მადრიდის „რეალმა“ ახალი სეზონი ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა - ტიტულით. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდმა ევროპის სუპერთასიც მოიპოვა.

ჰელსინკიში, „ოლიმპიურ სტადიონზე“ მადრიდელებმა ევროპა ლიგის გამარჯვებულ ფრანკფურტის „აინტრახტს“ კლასის ხარჯზე საკმაოდ იოლად მოუგეს. გერმანული გუნდი უშანსოდ სულაც არ ყოფილა და პირველივე რეალური საგოლე მომენტიც მან შექმნა, მაგრამ კლასში სხვაობა მთელი მატჩის განმავლობაში მაინც იგრძნობოდა.

„რეალმა“ თითო ტაიმში თითო გოლი იკმარა და მშვიდად მოიგო. ჯერ დავიდ ალაბამ გაიტანა ცარიელ კარში, როდესაც კარიმ ბენზემამ და კაზემირომ ბოლომდე იბრძოლეს, ხოლო მეორე ნახევარში ფრანგმა ფორვარდმა სეზონში ანგარიში გახსნა და სხვაობა გააორმაგა.

სხვათა შორის, კარიმ ბენზემამ „რეალის“ მაისურით 324-ე გოლი გაიტანა და რაულს გადაასწრო, რითაც „სამეფო კლუბის“ ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა და წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა, თუმცა, პორტუგალიელის დაწევა კარიმ ძალიან გაუჭირდება.

მადრიდის „რეალმა“ ევროპის სუპერთასი 2017 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეხუთე მოიგო, რითაც „ბარსელონასა“ და „მილანს“ გაუტოლდა. ამ სამ გუნდს 5-5-ჯერ აქვთ მოგებული ევროპის სუპერთასი, უკეთესი შედეგი კი არცერთ სხვა გუნდს არ აქვს.

„რეალი“ – „აინტრახტი“ 2:0 (1:0)

ჰელსინკი, „ოლიმპიური სტადიონი“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი (რუდიგერი 85), მილიტაო, ალაბა, მენდი; კროოსი (ჩუამენი 85), კაზემირო, მოდრიჩი (როდრიგო 67); ვალვერდე (კამავინგა 76), ბენზემა, ვინისიუსი (სებალიოსი 85)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„აინტრახტი“ (3-4-3): ტრაპი; ტურე (ალარიო 70), ტუტა, ნდიკა; კნაუფი, სოუ, როდე (გიოტცე 58), ლენცი; კამადა, ბორე, ლინდსტრომი (კოლო მუანი 58)

მწვრთნელი: ოლივერ გლასნერი

გოლები: 1:0 ალაბა (37), 2:0 ბენზემა (65)

გაფრთხილება: ალარიო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 6 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

0.144182