„კოპენჰაგენის“ ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა დანიის სუპერლიგის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 29 წლის ფეხბურთელი უშუალოდ სუპერლიგის ვებგვერდმა გამოარჩია.
„კოპენჰაგენმა“ მეოთხე ტურში „ბრონდბიუ“ 4:1 დაამარცხა და ხოჭოლავასთვის, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, ეს სეზონში პირველი თამაში იყო, რადგან მანამდე ტრავმა ჰქონდა. საინტერესოა, რომ კოპენჰაგენელთა პირველი გოლი რიგ ვებგვერდებზე რასმუს ფალკს უწერია, რიგ საიტებზე კი დავით ხოჭოლავას. საქმე ისაა, რომ ფალკის დარტყმული ბურთი ქართველს მოხვდა, მიმართულება იცვალა და კარში აღმოჩნდა.
რაც მთავარია, სუპერლიგისა და "კოპენჰაგენის" ვებგვერდებზე გოლის ავტორად ქართველი მცველია მოხსენიებული, ამდენად, მან სეზონის პირველსავე თამაშში შეძლო გატანა.
„კოპენჰაგენს“ დანიის სუპერლიგის ოთხ ტურში 6 ქულა აქვს მოპოვებული. იეს თორუპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრადაც იბრძვის, რომლის პლეი-ოფში თურქეთის ჩემპიონ „ტრაბზონსპორს“ გაეჯიბრება.