საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება თბილისში განაახლა. ილიას ზუროსის გუნდი ისრაელის ნაკრებთან სპარინგებისთვის ემზადება.
ქართველი კალათბურთელები მეტოქეს 12 და 13 აგვისტოს ორჯერ გაეჯიბრებიან და ორივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. საინტერესოა, რომ ამ ორი ტესტ-მატჩიდან მხოლოდ პირველი იქნება ღია, ხოლო მეორე მედიისა და გულშემატკივრებისთვის დახურული იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნაკრებს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც გუნდთან ერთად ემზადება.
საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩების შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც აკროპოლისის თასზე ითამაშებს და აგვისტოს ბოლოს კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯერ ნიდერლანდებს უმასპინძლებს და მერე იტალიას ესტუმრება.
ილიას ზუროსის გუნდი 1-7 სექტემბერს, თბილისში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებსაც გამართავს და ჯგუფში საუკეთესო ოთხეულში თუ მოხვდება, პლეი-ოფში გავა.