ჩოგბურთი

21:26 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი კარიერას ამთავრებს

ჩოგბურთის ლეგენდა სერენა უილიამსმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობის შემდგ, თავის კარიერას დაასრულებს. მან პროფესიონლურ ჩოგბურთში 22 წელი გაატარა და დიდი სლემის 23 ტიტული მოიპოვა, რაც ერთით ნაკლებია ლეგენარული ავსტრალიელის, მარგარეტ კორტის მიღწევაზე და ყველაზე მეტია მას შემდეგ, რაც ჩოგბურთი პროფესიონალური სპორტი გახდა.

ჟურნალ „ვოგის“ სექტემბრის ნომერში, 40 წლის სერენა წერს, რომ მას ჩოგბურთი უყვარს, მაგრამ დრო მოვიდა იმისა, რომ სხვა საქმეებსაც მიხედოს. ეს ყველაზე ძნელი რამაა, რასაც კი ოდესმე წარმოვიდგენდიო.

„არ მინდა, რომ ეს დასრულდეს. მაგრამ იმავდროულად, მზად ვარ შემდგომი ნაბიჯისთვის. სამწუხაროდ, უიმბლდნს მოსაგებად მზად არ ვიყავი. და დარწმუნებული არ ვარ, რომ ნიუ იორკში ვიქნები მზად. მაგრამ ცდას ვაპირებ“, - ამბობს უილიამსი, ვინც დიდი სლემის ტურნირებზე ბოლო ტიტული 2017 წელს მოიგო და მას შემდეგ, ოთხის ფინალში ითამაშა.

„ცერემონიების გამართვას არ ვაპირებ. დამშვიდობება არ მიყვარს. მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მადლიერი ვარ ყველასი, იმდენად, რომ სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ამდენი გამარჯვება და ტიტული თქვენთან ერთად მოვიპოვე. ჩემი ეს ვერსია მომენატრება. იმ გოგოსი, ვინც ჩოგბურთს თამაშობდა. და მე თქვენ ყველანი მომენატრებით“, - ამბობს სერენა.

ის დასძენს, რომ ოთხი წლის შვილ ოლიმპიას ძალიან უნდა, რომ და ჰყავდეს. ოჯახსა და ჩოგბურთს შორის არჩევანის გაკეთება, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. და ახლა ის სწორედ ოჯახის გაზრდაზე იფიქრებს.

თავისი კარიერის განმავლობაში, სერენა უილიამსს დიდი სლემის 23 ტიტულის გარდა, მოგებული აქვს WTA-ს ტურის 73 ტურნირი. შვიდჯერ იყო ავსტრალიის ღიას, სამჯერ საფრანგეთის ღიას, შვიდჯერ უიმბლდონის და ექვსჯერ აშშ-ის ღიას ჩემპიონი.

ერთეულებში, წყვილებსა და შერეულ წყვილებში, ჯამში დიდი სლემის 39 ტიტულს ფლობს. თავის უფროს დასთან, ვენუსთან ერთად, წყვილებში დიდი სლემის 14 ტიტული მოიპოვა. ფლობს ოთხ ოლიმპიურ ოქროს მედალს. სიდნეიში (2000 წელს), პეკინსა (2008 წელს) და ლონდონში (2012 წელს) ოლიმპიური ოქრო წყვილებში აქვს მოპოვებული, ლონდონშივე ერთეულებშიც გაიმარჯვა.

319 კვირა გაატარა რეიტინგის სათავეში. ამასთან, ზედიზედ 186 კვირის განმავლობაში იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ეს კი რეკორდია, რომელიც მასთან ერთად, კრის ევერტსაც ეკუთვნის.

0.141887