ფეხბურთი

17:12 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დენკოვიჩი: "აზაროვი საუკეთესოა და “ცრვენა ზვეზდა" ტოპ ჩემპიონატის წამყვან გუნდში გაყიდის"

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ახალწვეულის, ირაკლი აზაროვის შესახებ სერბულ მედიასთან „დინამო ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სტეფან დენკოვიჩმა ისაუბრა. როგორც სერბმა აღნიშნა, ბელგრადელებმა ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელეს და მომავალში სერბული კლუბი ქართველ მცველს ტოპ ლიგის წამყვან კლუბში გაყიდის.

„ცრვენა ზვეზდამ“ შესანიშნავი ტრანსფერი გააკეთა. აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია ჩემი კარიერის განმავლობაში. უფრო მეტიც: ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისი თამაშიც ცოცხლად მინახავს. მას წარმოუდგენელი ტექნიკა და სიჩქარე აქვს. ძალიან სწრაფი და მოქნილია, ეს არის მისი მთავარი მახასიათებელი. ამ ბოლო დროს დიდი პროგრესი ჰქონდა. თუ ის გააგრძელებს განვითარებას, „ცრვენა ზვეზდა“ მას აუცილებლად ტოპ ხუთი ჩემპიონატის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გაყიდის.

ფილიპ მლადენოვიჩს ჰგავს? იმედი მაქვს, სერბი გულშემატკივრები არ გამიბრაზდებიან, მაგრამ ჩემი აზრით, აზაროვი უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე მლადენოვიჩი. მას რეგულარულად იძახებს ნაკრებში ვილი სანიოლი და ეს რაღაცას ნიშნავს. აზაროვმა იცის, რომ ეს მისი კარიერისთვის წინსვლის შანსია, რადგან „ცრვენა ზვეზდა“ უკეთესი გუნდია, ვიდრე „დინამო ბათუმი“, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული გუნდები სუსტები სულაც არ არიან, გაგიკვირდებათ, იქ იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელია“, - თქვა დენკოვიჩმა.

შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვმა „ცრვენა ზვეზდასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სერბული გუნდის რიგებში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ცრვენა ზვეზდა“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „პიუნიკს“ შეხვდება, რომელსაც პირველი მატჩი 5:0 მოუგო, მაგრამ ქართველ მცველს ევროთასებზე თამაშის უფლება მხოლოდ ჯგუფური ეტაპიდან ექნება, რადგან ამ სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმის“ რიგებში უკვე ითამაშა.

0.115542