400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და მსოფლიო რეკორდსმენმა, ამერიკელმა სიდნი მაკლაფლინმა სეზონი მორიგი გამარჯვებით დაასრულა. ამჯერად მან უნგრეთში, დაბალი დონის შეჯიბრი მოიგო. გამარჯვებულმა დისტანცია 51.68 წამში გაირბინა, რაც ტოკიოს ოლიმპიადამდე, მსოფლიო რეკორდი იქნებოდა.
23 წლის მორბენალმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მსოფლიო რეკორდით (51.46 წამი) გაიმარჯვა. მანამდე რეკორდი 51.90 წამი იყო. ამ სეზონში კი რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა. ეს ჯერ აშშ-ის მძლეოსანთა ჩემპიონატზე (51.41 წამი) შეძლო, შემდეგ კი - მსოფლიო ჩემპიონატზე (50.68 წამი, ორივე აშშ-ის ქალაქ იუჯინში ჩატარდა).
აღსანიშნავია, რომ მაკლაფლინს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველა, შვიდივე შეჯიბრი აქვს მოგებული, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო.
მსოფლიო ჩემპიონატი მომავალ წელსაც გაიმართება (პანდემიის გამო, 2021 წლის ჩემპიონატი მიმდინარე სეზონში ჩატარდა). მასპინძელი ქალაქი ბუდაპეშტია. მაკლაფლინი მასზე უკონკურსოდ იასპარეზებს, როგორც მოქმედი ჩემპიონი. მაგრამ ის ამბობს, რომ თავის პროგრამას ან 400 მეტრზე სპრინტს დაამატებს, ან ამ დისტანციაზე გადაერთვება და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, მხოლოდ ამ სახეობაში იასპარეზებს.
დღესვე 100 მეტრზე სპრინტში გამარჯვება იამაიკელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა მოიპოვა, ვინც დისტანცია 10.67 წამში გაირბინა, ეს კი ყველა დროის მეექვსე საუკეთესო შედეგია.
35 წლის ფრეიზერ-პრაისმა თავის კარიერაში, ასი მეტრი 10.70 წამზე ნაკლებში შვიდჯერ გაირბინა. შვიდივე ბოლო ორ სეზონში. და ეს მას შემდეგ, რაც 2019 წელს შვილი შეეძინა. ამ შვიდიდან ხუთი კი ბოლო სამ თვეზე მოდის. ამდენჯერ ასი მეტრი 10.70 წამზე ნაკლებში არცერთ სპრინტერ ქალს არ გაურბენია.
მძლეოსანთა სეზონს ბრილიანტის ლიგის მონაკოს შეხვედრა გააგრძელებს, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება.