უკვე, ოფიციალურად! საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" ფეხბურთელია. კლუბმა ფეხბურთელი დღეს ოფიციალურად წარადგინა.
20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერბულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და იგი "ცრვენა ზვეზდას" ღირსებას 2026 წლამდე დაიცავს. ბათუმის "დინამო" ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ 300 000 ევროს მიიღებს.
აზაროვი თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. მას თბილისის "დინამოს" მაისურით ეროვნულ ლიგაში 12 მატჩი აქვს ჩატარებული. აჭარულ კლუბს აზაროვი 2021 წელს შეუერთდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამოს" მაისურით აზაროვმა 53 შეხვედრაში 3 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.
ირაკლი აზაროვს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.