„ლივერპულმა“ პრემიერლიგის ახალ სეზონში წარუმატებელი სტარტი აიღო და ორი ქულა დაკარგა. უფრო ზუსტად, 1 ქულა გადაარჩინა, რადგან ელიტაში ახლახან დაბრუნებულ „ფულჰემთან“ ორჯერ აგებდა.
პირველ ტაიმში ანგარიში ალექსანდრ მიტროვიჩმა გახსნა, რასაც მეორე ტაიმის შუაწელს დარვინ ნუნიესმა უპასუხა. ურუგვაელს მერსისაიდელებში დიდებული სტარტი აქვს და ინგლისის სუპერთასის შემდეგ პრემიერლიგის სადებიუტო თამაშშიც გაიტანა. ჩემპიონშიფის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მიტროვიჩი კი ახლაც ბრწყინვალე ფორმაშია და დუბლი გაიფორმა. სერბმა ლონდონელები 72-ე წუთზე მეორედ დააწინაურა.
იურგენ კლოპის გუნდმა ქულის გადარჩენა მაინც შეძლო, რადგან საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე მოჰამედ სალაჰმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
2:2, მაგრამ „ლივერპული“ ამ სტარტით ძალიან კმაყოფილი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან „წითლების“ ამბიცია ერთადერთია - ჩემპიონობა. ეს დაკარგული ქულები კი შესაძლოა სეზონის ბოლოს ძვირად დაუფასდეს.
„ფულჰემი“ – „ლივერპული“ 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (32), 1:1 ნუნიესი (64), 2:1 მიტროვიჩი (72), 2:2 სალაჰი (80)