კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა“, რომელმაც შინ მოლდოვური „პეტროკუბი“ 5:0 გაანადგურა. ქართველი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 3:0-ს იგებდა და 88-ე წუთზე პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზივზივაძეს კონფერენს ლიგაზე 3 მატჩში უკვე 3 გოლი დაუგროვდა.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის სლოვანი ახლოს იყო პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ სტუმრად ძლევასთან, თუმცა ფრეს დასჯერდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 63-ე წუთზე გრინის გოლით დაწინაურდა და ელ არაბიმ 87-ე წუთზე გაათანაბრა - 1:1. სლოვაკეთის ჩემპიონის რიგებში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჩაკვეტაძე 92-ე წუთზე შეცვალეს. წყვილის გამარჯვებული კი ერთ კვირაში ბრატისლავაში გამოვლინდება. აქვე ჩაკვეტაძეზე ვთქვათ, რომ ვაისი მას დიდ სათამაშო დროს აძლევს და წინა ორი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ამჯერად შეცვალეს, მაგრამ როგორც ვთქვით, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში.
კონფერენს ლიგაზე პოზნანის „ლეხი“ გასვლაზე ისლანდიურ „ვიკინგურთან“ 0:1 დამარცხდა. ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთვნენ, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნეს და საპასუხო შეხვედრაში მოუწევს პოლონეთის ჩემპიონს ვითარების გამოსწორება.
კონფერენს ლიგაზე ნიქოზიის „აპოელმა“ შინ ყაზახური „ყიზილჟარი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში მურთაზ დაუშვილმა 74-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი ქვილითაია კი ისევ ტრავმირებულია, ლაშა დვალი განაცხადში არ იყო, ხოლო სტუმართა შორის ელგუჯა ლობჯანიძე მოედანზე 92-ე წუთამდე იყო, გიორგი ივანიაძე თადარიგში დარჩა.
ასევე კონფერენს ლიგაზე ბაქოს „ნეფთჩიმ“ ვენის „რაპიდი“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა, არადა აზერბაიჯანელები მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთამდე 2:0-ს იგებდნენ. სოლომონ კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.
ევროპა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიური „შკუპი“ გასვლაზე „შემორკ როვერსთან“ 1:3 დამარცხდა, გაგი მარგველაშვილმა კი 90 წუთი ითამაშა.
კონფერენს ლიგაზე პოლონურმა „რაკუვმა“ სტუმრად სლოვაკური „ტრნავა“ 2:0 დაამარცხა, ვაკო გვილიას არ უთამაშია.
აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.