მსოფლიოს ყოფილი პირველი გოლფმენი გრეგ ნორმანი ადასტურებს, რომ ლეგენდარულმა ტაიგერ ვუდსმა, გოლფის განდგომილ სერია LIV გოლფისგან, დიდი შეთავაზება უარყო, რომლის შესაბამისადაც, მას 700-800 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.
ვუდსი, ვინც 15 მეიჯორის გამარჯვებულია, ყოველთვის ამბობდა, რომ არ სურს ოპოზიციურ სერიაში გადასვლა და ამას არანაირი საფასურის გამო არ გააკეთებს. სერია LIV საუდის არაბეთის მიერ ფინანსდება და მისი მთავარი აღმასრულებლის თანამდებობა ავსტრალიელ ნორმანს უკავია.
ის ამბობს, რომ ვუდსს ეს თანხა მანამ შესთავაზეს, სანამ თავად ამ თანმდებობას დაიკავებდა. ის არ აკონკრეტებს რიცხვს, თუმცა ფოქს ნიუსთან საუბრისას ადასტურებს, რომ შეთავაზება დაახლოებით 700-800 მილიონის ფარგლებში იყო.
„ორგანიზატორებმა ტაიგერს მანამ მიმართეს, სანამ მე მე მთავარი აღმასრულებელი გავხდებოდი. მე ამ საქმეში ჩახედული არ ვიყავი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით ამ თანხაზე იყო ლაპარაკი“, - ამბობს ნორმანი, ვინც 2001 წლიდან, გოლფის დიდების დარბაზის წევრია.
46 წლის ვუდსი ხშირად ამბობს, რომ PGA ტურზე დარჩება და არ მიბაძავს ისეთ სახელოვან მოთამაშეებს, როგორებიც არიან ამერიკელი „ცაცია“ ფილ მიკელსონი, ამერიკელი ბრაისონ დეშამბო, ესპანელი სერხიო გარსია და ამერიკელი დასტინ ჯონსონი, რომლებმაც LIV-ის სერიაში გადაინაცვლეს.
LIV სერია, რომელიც საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსდება, ტურნირებზე რეკორდულად მაღალ საპრიზო ფონდს აწესებს. ფონდის მოცულობა 25 მილიონ დოლარს შეადგენს.