ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გოგონათა ტურნირის ლიდერებმა, პარტიები, ძირითადად, ყაიმებით დაასრულეს. დაზავდა მე-2 ნომრად განთესილი ქართველი მერი არაბიძეც (2409), რომელიც შავი ფიგურებით ეგვიპტელ ხალედ მონას (2191) ეთამაშებოდა.
შედეგად, მერის 2.5 ქულა შერჩა და პირველი ადგილიდან ჩამოქვეითდა, ერთპიროვნული ლიდერი კი რუსი დარია პუსტოვოიტოვა (2354) გახდა, რომლის აქტივშიც 3.0 ქულაა. მე-4 ტურში იგი პირველი რეიტინგის მქონე თანამემამულე ალეკსანდრა გორიაჩკინას ეთამაშება, არაბიძე კი თეთრებით ინდოელ ივანა მარია ფურტადოს (2165) დაუპირისპირდება.
წარმატებული დღე ჰქონდა ვაჟთა ტურნირის მონაწილე ირაკლი ბერაძეს (2318), რომელმაც თეთრი ფიგურებით ინდოელი აშრაფ მოჰამადი (2132) დაამარცხა. შედეგად, ქართველმა მოჭადრაკემ თავი 2.0 ქულას მოუყარა.
ვაჟებში ქულათა მაქსიმუმით კოვალევი (ბელარუსი, 2548), ვეი (ჩინეთი, 2641), იდანი (ირანი, 2517), კორი (პერუ, 2612) და ლუ (ჩინეთი, 2533) ლიდერობენ.
მე-4 ტურში ბერაძე შავებით ინდოელ დიპტაიან გოშს (2508) ეთამაშება.