სხვა

14:20 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის ხელმძღვანელებმა ბანსკა-ბისტრიცაში ეოკ-ის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს

ბანსკა-ბისტრიცაში (სლოვაკეთი) გაიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (სპიროს კაპრალოსი, პრეზიდენტი, რაფაელე პანიოცი-გენერალური მდივანი) და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი, მამუკა ხაბარელი - ვიცე-პრეზიდენტი, ემზარ ზენაიშვილი - გენერალური მდივანი) ხელმძღვანელების შეხვედრა.

საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოში 2025 წლის დასაწყისში გასამართ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებული საკითხები.

ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ ჯერ პანდემიამ და შემდეგ რეგიონში შექმნილმა მძიმე ვითარებამ გარკვეული სიძნელეები წარმოქმნა, რის გამოც ერთი პერიოდი ეჭვის ქვეშ დადგა ფესტივალის ჩატარების საკითხი.

მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ქვეყნის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის მხარდაჭერით და თანადგომით ოპერატიულად გამოინახა სირთულეების დაძლევის გზები. შედეგად ქართული სპორტის მომავალისათვის ესოდენ საჭირო ღონისძიება, როგორიცაა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დათქმულ დროში ჩატარდება. ქვეყანას შეემატება ახალი სპორტული ბაზები, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა.

,, ჩვენი ახალგაზრდობისთვის საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფესტივალის ჩატარება. 2015 წელს თბილისში ჩატარებულმა ევროპის ზაფხულის ოლიმპიურმა ფესტივალმა კარგი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, შეგვძინა გამოცდილება, გვაქვს სამთავრობო მხარდაჭერა, თქვენც ჩვენ გვერდით ხართ, რაც იმის წინაპირობაა, რომ თავს კარგად გავართმევთ დაკისრებულ მოვალეობას და ღირსეულად ვუმასპინძლებთ კონტინენტის ამ უდიდეს მულტი-სპორტულ ღონისძიებას - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

თავის მხრივ სპიროს კაპრალოსმა მადლიერება გამოხატა, რომ საქართველო ორნახევარი წლის შემდეგ უმასპინძლებს ახალგაზრდებს ევროპის ყველა ქვეყნიდან.

,,ფესტივალი მძლავრ ბიძგს მისცემს თქვენთან სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებას, ხელს შეუწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩაბმას, გაიზრდება ტალანტები, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ ქართული სპორტის შესანიშნავ ტრადიციებს. ჩვენი დახმარების და თანადგომის იმედი გქონდეთ"- აღნიშნა ევროპის ოლიმპიური ოჯახის თავკაცმა.

სპიროს კაპრალოსმა გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ჩამოვიდეს საქართველოში და ქვეყნის ხელმძღვანელებთან , სპორტის მესვეურებთან ერთად განიხილოს ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში.

geonoc.org.ge

0.122634