ბრიტანელი მძიმეწონოსანი მოკრივის, ენტონი ჯოშუას პრომოუტერი ედი ჰერნი ამბობს, რომ უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან რემატჩის შედეგის მიუხედავად, ჯოშუა მომდევნო ბრძოლას დეკემბერში გამართავს.
გასულ სექტემბერში ჯოშუა უსიკთან ქულებით დამარცხდა და მას WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის საჩემპიონო სარტყელები დაუთმო. ჯოშუა მათ დაბრუნებას რემატჩის მოგებით აპირებს. შეხვედრა 20 აგვისტოს, საუდის არაბეთში გაიმართება.
უსიკამდე ჯოშუა ბულგარელ კუბრატ პულევს, 2020 წლის დეკემბერში შეხვდა. ჰერნი ამბობს, რომ ბრიტანელი მოკრივე რინგზე ასვლას უფრო ხშირად აპირებს. უსიკთან მოგების შემთხვევაში, მას WBC-ს ჩემპიონ ტაისონ ფიურისთან შეხვედრის შანსი ექნება.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ეიჯეის აქვს, ეს აქტივობაა. ამიტომ წინსწარ ვამბობ, რომ მომდევნო შეხვედრა აუცილებლად დეკემბერში ექნება“, - ამბობს ჰერნი, ვისაც სჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ფიურისთან შეხვედრაც შედგება. და ეს დამოკიდებული არ იქნება უსიკთან რემატჩის შედეგზე.
ფიურიმ ხელთათმანები ლურსმანზე დაკიდა, მაგრამ დაბრუნებასთან დაკავშირებით, ისე ხშირად ხუმრობს, რომ დიდი ალბათობით, ჯოშუასთან ბრძოლას დათანხმდება. მითუმეტეს, ახლახანს თქვა, რომ მას ანაზღაურების გარეშეც შევხვდებიო.