საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლაშა დვალი „აპოელის“ ფეხბურთელია. 27 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერი კვიპროსის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში 1 წლით დარჩება. მას აქამდე პოლონეთის, თურქეთის, გერმანიისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია. ბოლო 4 წელი კი უნგრეთის ჩემპიონატში გაატარა, სადაც „ფერენცვაროშის“ რიგებში 4-ჯერ ჩემპიონობა იზეიმა და ამდენჯერვე თასი მოიგო.
დვალის ტრანსფერს „აპოელის ვებ-გვერდი გამოეხმაურა: „მივესალმებით ლაშა დვალს და ვუსურვებთ, რომ ლურჯ-ყვითელი მაისურით ჩვენთან ერთად იზეიმოს ტიტულები და ევროპული წარმატებები“.
ლაშა დვალი 2019 წლიდან „ფერენცვაროშში“ თამაშობდა და მოედანზე 63-ჯერ გავიდა, გოლი კი ორჯერ გაიტანა. 27 წლის მცველს ასევე უთამაშია „პოგონში“, „სლასკში“, „ირტიშში“, „დუისბურგში“, „ქასიმპაშასა“ და რიგის „სკონტოში“. საქართველოს ნაკრებში კი მის ანგარიშზე 25 მატჩი და 1 გოლია.
შეგახსენებთ, რომ ნიქოზიის „აპოელში“ კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი.