„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მიიჩნევს, რომ ანხელ დი მარია იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია.
როგორც 44 წლის მეკარემ აღნიშნა, ანხელი საოცარი მოთამაშეა, რომელიც სათანადოდ დაფასებული არასდროს იყო და სხვებთან შედარებით ნაკლები პიარი ჰქონდა.
„დი მარია ერთ-ერთია, ვინც ყოველთვის იყო დიდი გუნდების ფეხბურთელი და ირგვლივ დიდი მოთამაშეები ჰყავდა. თუმცა, სხვებთან შედარებით ნაკლები პიარი ჰქონდა. თუმცა, ფეხბურთში ასეთი მაგალითები ბევრია, მახსენდება ბარძალი, რომელიც საოცარი მცველი იყო, მაგრამ სხვებზე ნაკლებად რეკლამირებული. ზოგიერთ დიდებულ მოთამაშეს ისე არ აფასებდნენ, როგორც იმსახურებდნენ და დი მარია ერთ-ერთი მათგანია. საუბარია დიდ ჩემპიონზე, რომელსაც აქვს ხარისხი, ფიზიკურობა, მენტალიტეტი, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და გუნდისთვის თავგანწირვის უნარი. დიახ, ის სერია A-ს ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია“, - თქვა ბუფონმა, რომელიც დი მარიას თანაგუნდელი პსჟ-ში იყო.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია „იუვენტუსს“ მიმდინარე ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.