ფორმულა 1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ფეტელი, ამ სეზონის ბოლოს, დიდი პრიზების არენას დატოვებს. მან განაცხადა, რომ მიზნები შეეცვალა და სურს, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. გარდა ამისა, ინტერესები სპორტის მიღმა გაუჩნდა.
35 წლის ფეტელმა თავისი ოთხივე ტიტული „რედ ბულთან“ ერთად, 2010-2013 წლებში მოიპოვა. შემდეგი ექვსი სეზონი „ფერარიში“ გაატარა, რის შემდეგაც „ასტონ მარტინში“ გადაინაცვლა. სწორედ ბრიტანულ გუნდში დაასრულებს ფ1-ის კარიერას.
„მინდა განვაცხადო, რომ 2022 წლის სეზონის ბოლოს, ფორმულა ერთს დავტოვებ. მე მიყვარს ეს სპორტი. რაც თავი მახსოვს, მას ჩემი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი ეკავა. მაგრამ ტრასაზე ცხოვრების გარდა, მაქვს ცხოვრება მის მიღმაც. ჩემი ერთადერთი მიზანი არასდროს ყოფილა ის, რომ მრბოლი ვყოფილიყავი. რბოლების მიღმა, მე მყავს ოჯახი, რომელთან ერთად ყოფნაც მსიამოვნებს. გარდა ამისა, ფ1-ის მიღმა, სხვა ინტერესებიც ჩამომიყალიბდა“, - ამბობს ფეტელი.
ის დასძენს, რომ სურს, შვილების გაზრდაში მიიღოს მონაწილეობა: „მინდა, მათ ჩემი ღირებულებები გავუზიარო, როცა დაეცემიან, წამოდგომაში დავეხმარო, მოვუსმინო მაშინ, როდესაც დავჭირდები და რაც მთავარია, მინდა მქონდეს იმის საშუალება, რომ მათგან ვისწავლო და მათ ჩემი შთაგონების შესაძლებლობა მივცე“.
თავისი მიღწევებით, ფეტელს ფორმულა ერთის ისტორიაში მესამე ადგილი უკავია. მიღწევებით მასზე წინ, ამჟამად მხოლოდ მიხაელ შუმახერი და ლუის ჰამილტონი არიან, რომლებსაც შესაბამისად, 91 და 103 რბოლა აქვთ მოგებული. თავად ფეტელის ანგარიშზე 53 მოგებული დიდი პრიზია. მათგან ბოლო 2019 წელს, „ფერარისთან“ ერთად, სინგაპურში მოიპოვა.
ფეტელს ეკუთვნს ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული - პირველად ჩემპიონი 23 წლისა გახდა. თუმცა რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულის წოდება, მას მაქს ფერსტაპენმა ჩამოართვა (2016 წელს). პირველი რბოლა რომ მოიგო, ჰოლანდიელი მხოლოდ 18 წლის იყო.
ფეტელს ფ1-ში სადებიუტო რბოლა 2007 წელს, აშშ-ის დიდ პრიზზე ჰქონდა, როდესაც „ბეემვე-ზაუბერში“ პოლონელი რობერტ კუბიცა შეცვალა. მომდევნო სეზონში „ტორო როსოში“ (ახლანდელი ალფატაური) გადავიდა და ამ გუნდთან ერთად, პირველი პოული და პირველი გამარჯვება მოიპოვა. 2009 წელს კი უკვე „რედ ბულის“ წევრია, რომელთან ერთადაც, ჩინეთის დიდი პრიზი მოიგო.
ფეტელს ბოლო რბოლა აბუ დაბიში უწევს. და ეს მის კარიერაში მე-300 რბოლა უნდა იყოს.