ფეხბურთი

17:38 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩეს" ფანები კიევის "დინამოსთან" მატჩში პუტინის სახელს სკანდირებდნენ (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის „დინამომ“ სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

თუმცა, შეხვედრა სხვა მხრივ მოექცა ყურადღების ცენტრში. ვიტალი ბუიალსკის გოლის შემდეგ „ფენერბაჰჩეს“ ფანებმა ტრიბუნებზე ვლადიმირ პუტინის სახელის სკანდირება დაიწყეს, რითაც უკრაინელების გაღიზიანებას სცადეს. ამ ფაქტზე, კიეველთა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ კომენტარიც გააკეთა.

„ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მუშაობდა და გავიმარჯვეთ, მაგრამ გულშემატკივრებისგან ასეთ რაღაცას არ ველოდით, ეს სირცხვილია“, - თქვა ლუჩესკუმ მატჩის შემდეგ.

კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბონდარმა:

„ფეხბურთი სამართლიანი თამაშია. კიევის „დინამო“ უფრო ძლიერი იყო. ძალიან სამწუხაროა „ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივრებისგან სიტყვები, რომლებიც მხარს უჭერენ მკვლელს და თავდამსხმელს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ბომბავს. მადლობა ვარ მეგობარი თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის და მათი კომენტარებისთვის გულშემატკივრების არასათანადო ქმედებებზე“, - დაწერა ბონდარმა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "ფენერბაჰჩეს" ფანები სტადიონზე პუტინს უმღერიან. ეს მათ მიმდინარე წლის 25 თებერვალსაც გააკეთეს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს...

კიევის „დინამომ“ „ფენერბაჰჩე“ სტამბოლში დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. ამ გუნდების პირველი თამაში ფრედ იყო დასრულებული (0:0). უკრაინული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“ შეხვდება.

0.125526