ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ეტაპი რჩება. მათგან ერთი (ბრაზილიის დიდი პრიზი) სპრინტერულ რბოლას მოიცავს. ჩემპიონატის ლიდერ მაქს ფერსტაპენს მის მთავარ კონკურენტ შარლ ლეკლერს 63 ქულა აშორებს. ეს კი ნიშნავს, რომ ლეკლერმა უკლებლივ ყველა რბოლაც რომ მოიგოს, პლუს ბრაზილიის სპრინტი, არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩემპიონი მაინც ვერ გახდეს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ათივე რბოლას და ერთ სპრინტსაც, ფერსტაპენი მეორე ადგილზე დაასრულებს და ყველა რბოლაში, უსწრაფესი წრისთვის ბონუს ქულებს აიღებს.
რა თქმა უნდა, ეს არაა რეალისტური სცენარი. მაგრამ იმას გვიჩვენებს, თუ რამდენად ჩამორჩება „ფერარის“ პილოტი „რედ ბულისას“. არადა, პირველ სამ რბოლაში ლეკლერს დამაჯერებელი უპირატესობა ჰქონდა. მომდევნო 9 რბოლაში კი ჩემპიონმა ხელთ იგდო უპირატესობა. ამ ცხრა რბოლაში, ფერსტაპენმა ლეკლერს 109 ქულით აჯობა, ანუ საშუალოდ რბოლაში 12 ქულას უგებდა.
არადა, მარანელოელთა ფავორიტისთვის საფრანგეთის დიდი პრიზი კარგად დაიწყო - მან პოულიც მოიპოვა და რბოლის დასაწყისშიც ლიდერი იყო. მაგრამ შეცდომა ძვირად დაუჯდა. რბოლა უქულოდ დაასრულა. ფერსტაპენმა კი მაქსიმალური ქულები მოიპოვა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ „ფერარი“ და მისი პილოტები ხშირად ვერ ასრულებენ რბოლას. ეს კი ლეკლერის შანსებს ამცირებს.
საინტერესო სტატისტიკა: ეს მეექვსე შემთხვევაა, როდსაც ფერსტაპენმა ის რბოლა მოიგო, რომელიც ლეკლერმა პოულიდან დაიწყო. თავის მხრივ, ჰოლანდიელს თავისი 16 პოულიდან, 11 გამარჯვებამდე აქვს მიყვანილი. ლეკლერმა მხოლოდ ოთხი პოული გარდაქმნა გამარჯვებად.