ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩების ნაწილი გაიმართა და შესაბამისად, რამდენიმე გუნდი გაირკვა, რომელიც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
გაგი მარგველაშვილმა „შკუპის“ რიგებში „დინამო ზაგრებთან“ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მისი გუნდი 0:1 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. არადა, მაკედონიელებმა ხორვატიაში 2:2 ითამაშეს, მაგრამ შინ ვერაფერს გახდნენ.
მომდევნო ეტაპზეა „ლუდოგორეცი“, რომელმაც „შემროკ როვერსთან“ გასვლაზე 1:2 წააგო, მაგრამ სახლში 3:0 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში იმარჯვა. სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია სომხეთის ჩემპიონის, „პიუნიკის“ გამარჯვება. ერთი კვირის წინ ერევანში სომხებმა ლუქსემბურგის „დუდელანჟთან“ 0:1 წააგეს, მაგრამ დღეს გასვლაზე მეტოქე 4:1 გაანადგურეს და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. სხვათა შორის, სომხეთის ჩემპიონი ლუქსემბურგშიც აგებდა, მაგრამ მერე 4 უპასუხო გოლი გაიტანა. ვთქვათ ისიც, რომ "პიუნიკმა" მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში უკვე გაინაღდა.
მომდევნო წრეში გავიდნენ ტირასპოლის „შერიფი“, „პლზენი“ და „მიდტიულანდი“. მოლდოველებმა „მარიბორს“ ორი მატჩის ჯამში 2:1 აჯობეს, დანიელებმა ლარნაკას „აეკს“ 3:2 სძლიეს ორი შეხვედრის ჯამში, ხოლო „პლზენმა“ „ჰიკი“ 5:0 გაანადგურა, ორი თამაშის ჯამში კი ჩეხებმა 7:1 მოიგეს და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ. ცხადია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულმა ყველა გუნდმა სულ მცირე კონფერენს ლიგის ჯგუფში ასპარეზობის უფლება გაინაღდეს.
აქვე გეტყვით, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის სხვა მატჩები 27 ივლისს გაიმართება.