კალათბურთი

18:55 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში ჩავიდა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც 10-დღიან შეკრებას გაივლის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სლოვენიის მაღალმთიან დაბა როგლაში დაბინავდა, სადაც სავარჯიშოდ იდეალური პირობებია შექმნილი. ამით საქართველოს ნაკრები კარსმომდგარი ევრობასკეტისთვის გენერალურ მზადებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 7 ამხანაგურ მატჩთან ერთად მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 ოფიციალურ მატჩს გამართავს.

მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად რეალური შესაძლებლობა აქვს. ზუროსის გუნდს მეორე ჯგუფურ ეტაპზე კიდევ 6 მატჩი აქვს გასამართი იტალიასთან, ისლანდიასა და ნიდერლანდებთან. ევრობასკეტის დაწყებამდე, 24 და 27 აგვისტოს, საქართველო ნიდერლანდებთან და იტალიასთან საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს გამართავს.

მუხლის ტრავმის გამო გოგა ბითაძე ნაკრებს როგლაში ვერ გაჰყვა. გოგა ამერიკაში გაემგზავრა და თავის კლუბ ინდიანაში სამედიცინო გამოკვლევას ხელმეორედ გაივლის და იქ გადაწყვეტენ, როგორი სახის მკურნალობა დაუნიშნონ. როგორც კი მწყობრში ჩადგება, გოგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება – იქნება ეს სლოვენიაში, ნაკრების საქართველოში დაბრუნებისას თუ ევრობასკეტის წინ?! ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება ბითაძის მწყობრში ჩადგომას. როგლაში ვერ მიემგზავრება ნბა-ში საქართველოს მეორე წარმომადგენელი – სანდრო მამუკელაშვილი. მოგეხსენებათ, ნბა-ს ახალი რეგულაციებით პროფესიული ლიგის მოთამაშეს 28 დღე ეძლევა საიმისოდ, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში დაყოს. მამუკელაშვილს კი „მილუოკი ბაქსმა“ მკაცრად განუსაზღვრა ეს პერიოდი და ნება არ დართო, საქართველოს ნაკრებს ვარჯიშების პერიოდშიც შეერთებოდა. შესაბამისად, მამუკელაშვილს ჩვენს ნაკრებში ვარჯიშების დაწყების ნებართვა 4 აგვისტოდან აქვს.

სლოვენიური შეკრების დასრულების შემდეგ, 4 აგვისტოს საქართველოს ნაკრები როგლადან 4 საათის სავალზე მდებარე უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში ავტობუსით გაემგზავრება, სადაც 5 და 6 აგვისტოს 2 სპარინგ მატჩს გამართავს. უნგრეთთან პირველი დაპირისპირება მასმედიისთვის ღია იქნება და მას ქომაგებიც დაესწრებიან, ხოლო მეორე შეხვედრა დახურული ტიპის გახლავთ. 21-იდან 24 ივლისის ჩათვლით საქართველოს ეროვნული ნაკრები ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ვარჯიშობდა. სლოვენიაში გამგზავრებამდე ჩვენი ნაკრების წევრებმა სამედიცინო შემოწმება და კორონავირუსზე PCR ტესტები ჩაიტარეს.

უნგრეთში ამხანაგური მატჩების შემდეგ ჩვენი ნაკრები თბილისში გააგრძელებს ვარჯიშებს, ხოლო 11 და 13 აგვისტოს ისრაელის ნაკრებს სპარინგ-მატჩებში დაუპირისპირდება. 15 აგვისტოს ნაკრები ილიას ზუროსის სამშობლოში გაემგზავრება, სადაც ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში – “აკროპოლისის თასზე” მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელ საბერძნეთთან და საქართველოსთან ერთად ათენში თავს თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებები მოიყრიან.

0.101549