მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ დიეგო მარადონაზე ისაუბრა და ერთი ისტორია გაიხსენა, როდესაც მას მარადონამ შორი მანძილიდან კარში დარტყმა აუკრძალა.
„მახსოვს, მაკრიტიკებდა, რადგან შეტევაში ჩართვა მომწონდა. ერთხელ მითხრა, რომ ჩემი პოზიციის ფეხბურთელს ნახევარმცველი იმიტომ ჰქვია, რომ ნახევარდაცვაში თამაშობს. ერთხელ ბურთი 30 მეტრიდან დავარტყი, ის მოვიდა და მკითხა: „ჩოლო, ამ პოზიციიდან გოლი გაგიტანია?“ არა, დიეგო - ვუპასუხე მე. „მაშ, რა ჯანდაბისთვის ურტყამ ამ მანძილიდან?“
ის ძალიან მოსიყვარულე, ნამდვილი თანამგზავრი იყო, გვიცავდა. ჩვენთვის, არგენტინელებისთვის ის კერპია და ვერასოდეს დავიჯერებთ, რომ აღარ არის, ჩვენთვის შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ ის მკვდარია“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე და დიეგო მარადონა თანაგუნდელები ჯერ ესპანურ „სევილიაში“ იყვნენ, შემდეგ კი არგენტინის ნაკრებშიც.