ფეხბურთი

12:01 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" მწვრთნელი: "ოთარ კიტეიშვილი ძალიან გვაკლია"

ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერი“ ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“ საკუთარ მოედანზე დაუზავდა - 1:1.

მასპინძელთა რიგებში ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კიტეიშვილს ტრავმა აქვს. მატჩის შემდეგ „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა სწორედ ქართველი ფეხბურთელის დანაკლისი აღნიშნა.

„იმ თვალსაზრისით, რომ კარგად ვერ ვითამაშეთ, პენალტი მოვიგერიეთ, ფეხბურთელი გაგვიძევეს, ქულა ჩვენთვის კარგი შედეგია. პირველი ტაიმი უარესი იყო, რადგან „ვოლფსბერგერი“ უფრო აგრესიული გახლდათ. დაცვაში თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით, მაშინაც, როცა რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით. ჩვენ არ გვქონდა ის ძალა, რომელიც ჩვეულებრივ გვახასიათებს, მაგრამ ფაქტია, რომ იაკობ იანტშერი და ოთარ კიტეიშვილი ძალიან გვაკლია“, - აღნიშნა ილცერმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს აქილევსის მყესის ტრავმა აქვს და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება მოედანს. მან გასული სეზონის უმეტესი ნაწილიც ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ სეზონის ბოლოს ითამაშა, მათ შორის ეროვნულ ნაკრებშიც და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გოლის გატანაც მოახერხა.

0.123232