სხვა

2:46 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

200 მეტრზე სპრინტის ამერიკული კვარცხლბეკი

აშშ-ის ქალაქ იუჯინში მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს 200 მეტრზე სპრინტის დღე იყო. მამაკაცებს შორის, კვარცხლბეკის სამივე საფეხური ამერიკელებმა მოინადირეს, ქალებში კი პირველი ორი ადგილი იამაიკელებმა დაიკავეს.

ნოა ლაილზმა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დასჯერდა, ორასი მეტრი 19.31 წამში გაირბინა და ხაზიც პირველმა გადაკვეთა. ამ დისტანციაზე, ამაზე უკეთესი დრო მხოლოდ ორჯერ დაფიქსირებულა. ლაილზმა მსოფლიო რეკორდი ვერ დაამყარა, მაგრამ აშშ-ის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც აქამდე ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლეგენდარულ მაიკლ ჯონსონს ეკუთვნოდა.

ვერცხლის მედალი მოიპოვა ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონმა კენი ბედნარეკმა (19.77 წამი), ბრინჯაო კი ერიონ ნაითონს (19.80 წამი) ერგო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ერთ ჩემპიონტზე, 100 და 200 მეტრზე სპრინტში, კვარცხლბეკის ყველა საფეხური, ერთი ქვეყნის სპრინტერებმა დაიკავეს.

„დღეს ჩემი დღეა. ბოლოს და ბოლოს, შევძელი ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. შეუდარებელი გრძნობაა, როდესაც კვარცხლბეკზე ორ ამერიკელთან ერთად დგახარ“, - განაცხადა ჩემპიონმა.

ქალთა 200 მეტრზე სპრინტში, იამაიკელმა შერიკა ჯეკსონმა გაიმარჯვა, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი კი ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაოს მედალს ბრიტანელი დინა აშერ-სმიტი დაეუფლა.

ჯეკსონის შედეგი - 21.45 წამი, მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია და ყველა დროის მეორე საუკეთესოა. ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მისი პირველი ინდივიდუალური ოქროს მედალია. რაც შეეხება ფრეიზერ-პრაისს (21.81 წამი), მას შანსი ჰქონდა, მეორედ შეესრულებინა სპრინტის დუბლი. სამაგიეროდ, მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-13 მედალი მოიპოვა.

ამერიკელებს კიდევ ერთი კვარცხლბეკის დაპყრობის შანსი, ქალთა შორის 800 მეტრზე ექნებათ, სადაც ფინალში მათი გუნდის სამი ფავორიტი - ოლიმპიური ჩემპიონი ეთინგ მუ, ასევე რევინ როჯერსი და ეიჯი უილსონი ირბენს.

მამაკაცთა 800 მეტრის ფინალში გავიდა კენიელი ფავორიტი ემანუელ კორირი, რომელმაც ნახევარფინალში, სეზონის საუკეთესო დროში ირბინა. მას კონკურენციას ალჟირელი სლიმანე მოულა გაუწევს.

ფინალში გავიდა შუბის ტყორცნაში ოლიმპიური ჩემპიონი, ინდოელი ნეერაჟ ჩოპრა, რომლის შუბიც, ტყორცნის ადგილიდან 88.39 მეტრში ჩაერჭო. თუმცა მასზე უკეთესი შედეგი (89.91 მეტრი) ჰქონდა მოქმედ ჩემპიონს, გრენადელ ანდერსონ პიტერსს.

სპორტულ სიარულში, მეორე ოქროს მედალს დაეუფლა პერუელი კიმბერლი გარსია ლეონი, ვინც ამჯერად საუკეთესო 35 კილომეტრზე იყო. ჩემპიონატის პირველ დღეს, მან გამარჯვება 20-კილომეტრიან დისტანციაზე მოიპოვა.

ისევე როგორც 20 კილომეტრზე, ვერცხლის მედალი კვლავ პოლონელმა კატარზინა ზდზიებლომ მოიპოვა, ბრინჯაო კი ისევ ჩინელი ქიეიან შიძიეს (ვინც 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონია) ნადავლი გახდა.

გარსია ლეონმა და ზდზიებლომ 19 კილომეტრი მხარდამხარ გაიარეს, შემდგ კი პერუელმა ფეხს აუჩქარა და მეტოქე ჩამოიტოვა. ზდზიებლომ დაწევა სცადა, მაგრამ ლეონ გარსიამ ტემპი კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ, მას ფინიშთან 47 წამით მიასწრო.

0.118005