სხვა

1:27 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესეც ტურის ეტაპის ფრანგი გამარჯვებული

ტურ დე ფრანსის ისტორიაში, ეს ველომარათონი მხოლოდ ორჯერ დასრულდა ისე, რომ მისი თუნდაც ერთი ეტაპი, ფრანგ ველომრბოლს არ მოუგია. მიმდინარე რბოლისას, ფრანგები გამარჯვებას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ მე-19 ეტაპზე, მასპინძელთათვის ეს არასასურველი ვითარება შეიცვალა - გამარჯვება ფრანგმა კრისტოფ ლაპორტმა მოიპოვა.

ლაპორტი იმ გუნდის - „ჯუმბო-ვისმას“ წევრია, რომელიც ამჟამად ყვითელ (ველომარათონის ლიდერი, დანიელი იონას ვინგეგაარდი) და მწვანე (სპრინტის ლიდერი, ბელგიელი ვუტ ვან აერტი) მისურებს აკონტროლებს. და ამჯერად ყველამ სწორედ ფრანგ თანაგუნდელზე იმუშავა, რამაც შედეგი გამოიღო.

ლაპორტმა ბოლო 300 მეტრზე, საფინიშო სპრინტში ჩამოიტოვა ბელგიელი იასპერ ფილიპსენი და იტალიელი ალბერტო დაინეზე, რომლებიც მას წამით ჩამორჩნენ. ამ ორმა დაახლოებით ხუთი წამით აჯობა ერთობ გაწელილ პელოტონს, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველას ერთი დრო დაეწერა. მათ შორის, ვინგეგაარდს და მის უახლოეს მდევარ ტადეი პოგაჩარს.

დარჩენილი ბოლო ეტაპის, დროზე ინდივიდუალური რბოლის (მისი მანძილია 40.7 კილომეტრი) წინ, ვინგეგაარდი ორგზის ჩემპიონ სლოვენიელს ისევ 3 წუთს და 26 წამს უგებს. ეს სოლიდური უპირატესობაა, მაგრამ როცა მეტოქე პოგაჩარია, გარანტირებული ვერაფერი იქნება. მან ეს ორი წლის წინათ დაამტკიცა.

0.117589