საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ გორის „დილას“ შემტევ ნახევარმცველ პაატა ღუდუშაურს იმატებს, რომლის ტრანსფერი გადაწყდა და აჭარლებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
თუმცა, ფეხბურთელის ტრანსფერის წინააღმდეგ „დინამოს“ ფან-კლუბის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელეს:
„გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის. ასევე გუშინდელ „მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განცხადებას“, - ნათქვამია „შავი ზღვის პირატების“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პაატა ღუდუშაური გორის „დილაში“ 2021 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე მთელი კარიერა „ვიტ ჯორჯიაში“ აქვს გატარებული.