ფეხბურთი

22:00 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონის 0:5... კოშმარი და ფიასკო პოზნანში

საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, რომლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანის „ლეხს“ დაუპირისპირდა და 0:5 განადგურდა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ „ლეხი“ ამ მატჩს ზედიზედ სამი წაგებით შეხვდა და თითქოს, ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ თამაშმა სხვა სურათი აჩვენა.

„ლეხმა“ „დინამო ბათუმი“ ყველა კომპონენტში დაჯაბნა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო. ყველაფერი პირველივე ტაიმში გაირკვა, როცა მიხალ სკორაშმა დუბლი შეასრულა, ერთხელაც ჟოაო ამარალმა გაიტანა - 3:0. ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა, გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში ჩაატარა და კიდევ ორი გოლი გაუშვა. ჯერ ჟოაო ამარალმა დუბლი შეასრულა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წერტილი მიკაელ იშაკმა დასვა. ამ სიტუაციაში ბათუმელთა დაცვაში მოქმედება მთელი მატჩის ყველაზე რეალური ამსახველი იყო - სტუმართა საჯარიმოში ორი მცველის წინააღმდეგ 4 შემტევი იყო!

საქართველოს ჩემპიონმა დაცვაში ბავშვური შეცდომები დაუშვა და პოლონელებს შეტევაში პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს. ამრიგად, საპასუხო მატჩის წინ ბათუმელები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ.

ერთ კვირაში „დინამო ბათუმი“ „ლეხს“ „აჭარაბეთ არენაზე“ უმასპინძლებს, სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელი და რეალურია ხუთბურთიან ჩამორჩენაზე ფიქრი...

ისიც უნდა ვთქვათ, რომ „დინამო ბათუმისგან“ „სლოვანთან“ დრამატული ბრძოლის შემდეგ ასეთი უსუსური ფეხბურთის თამაში ძალიან მოულოდნელი იყო. ამ წყვილში გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისლანდიურ "ვიკინგურსა" და უელსურ "ნიუ საინტს" შორის საუკეთესოს შეხვდება, მაგრამ სიტუაციას რეალურად რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონისთვის მომდევნო ეტაპი ძალიან შორს, ევროთასების მიმდინარე სეზონი დასასრულთან კი ძალიან ახლოსაა...

„ლეხი“ – „დინამო ბათუმი“ 5:0 (3:0)

პოზნანი, „პოზნან სთედიუმი“

„ლეხი“ (4-4-1-1): რუდკო; პერეირა, შატკა (ჩერვინსკი 67), დუგლასი, რებოშო (კოზუბალი 88); სკორაში, კალსტრომი, კვეკვესკირი (სოუზა 80), ველდე (წიტაიშვილი 67); ამარალი (შიმჩაკი 88); იშაკი

მწვრთნელი: ჯონ ვან დენ ბრომი

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე (ზარია 26), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი; ტეიდი (ფალავანდიშვილი 71), ალთუნაშვილი; მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რადინი 46), დავითაშვილი (ფანცულაია 79); ჯოვინო (ვაწაძე 46)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 1:0 სკორაში (10), 2:0 ამარალი (24), 3:0 სკორაში (33), 4:0 ამარალი (66), 5:0 იშაკი (90)

გაფრთხილება: ალთუნაშვილი (77), ფალავანდიშვილი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 10 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: იან მაკნები (ჩრდ. ირლანდია)

0.137729