„ბარსელონამ“ რობერტ ლევანდოვსკი მაიამიში წარადგინა, სადაც პოლონელმა ფეხბურთელმა მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა აღნიშნა, მას გამარჯვება სურს და ამისთვის საუკეთესო ადგილზეა.
„ფეხბურთში მნიშვნელოვანია მოგების სურვილი და ვფიქრობ, რომ ამისთვის საუკეთესო ადგილზე ვარ. გოლებით ისევ მშიერი ვარ. ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ გუნდში დიდი ხარისხი და დიდი პოტენციალია. ბოლო ვარჯიში თანაგუნდელებთან ერთად ჩავატარე და მზად ვარ მომდევნო მატჩში ვითამაშო. იმედი მაქვს, ბევრ გოლს გავიტან, ეს ჩემი გამოწვევაა.
პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, რომელმაც თქვა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა სურს:
„გვსურს შევქმნათ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი და ძალიან კარგად ვვითარდებით. მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტულ მენეჯმენტს გაწეული მუშაობისთვის, ჩვენ „ბარსელონა“ თავის ადგილზე დავაბრუნეთ”, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ „ბარსელონასთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი შეძენა ესპანურ გრანდს 50 მილიონი ევრო დაუჯდა. მანამდე პოლონელი 8 წლის განმავლობაში „ბაიერნში“ ირჯებოდა და 375 შეხვედრაში 344 გოლი გაიტანა.