როგორც ყოველთვის, მაღალი დონის შეჯიბრებზე, ყველაზე უკეთ, გამოცდილება და გამარჯვების სულისკვეთება მუშაობს. ასეა იუჯინში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზეც, სადაც ის ათლეტები აღწევენ წარმატებას, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს, ან სხვა სინჯის მედლები მოიპოვეს.
იმ ოლიმპიურ ჩემპიონებს შორის, რომლებმაც იუჯინში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგეს ფეხი, არიან კენიელი მორბენალი ფაით კიპიეგონი, მოროკოელი სტიპლჩეიზერი სუფიან ელ ბაკალი, ბელგიელი შვიდჭიდელი ნაფისატუ თიამი, ყატარელი სიმაღლეზე მხტომელი მუტაზ ბარშიმი და ვენესუელელი სამხტომელი იულიმარ როხასი.
კიპიეგონს ქალთა შორის 1 500 მეტრზე სირბილში, ბოლო ორი ოლიმპიადა აქვს მოგებული და ამჯერადაც საუკეთესო იყო. მან ასპარეზობა სამ წუთსა და 52.96 წამში დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. ვერცხლის მედალს ეთიოპიელი გუდაფ ცეგაი დაეუფლა, ბრინჯაო კი ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონს, ბრიტანელ ლაურა მუირს ერგო. სხვათა შორის, ეს იუჯინში ბრიტანელთა პირველი მედალია.
კიპიეგონი მსოფლიო ჩემპიონი პირველად 2017 წელს გახდა, შემდგ იმშობიარა და 2019 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა. ოლიმპიური ჩემპიონი ის რიოსა და ტოკიოში გახდა.
როხასს სამხტომში ბადალი არ ჰყავს და ის დასაწყისიდან ბოლომდე შეუდარებელი იყო. ოქროს მედალი მან 15.47 მეტრზე გადახტომით მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატებზე, ეს მისი ზედიზედ მესამე ტიტულია.
ვერცხლის მედალს (ზედიზედ მეორეს) იამაიკელი შანიეკა რიკეტსი დაეუფლა, ბრინჯაო კი ამერიკელ ტორი ფრანკლინს ერგო.
მამაკაცთა შორის 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზში საუკეთესო იყო ელ ბაკალი. მან მეტოქეებს ტაქტიკური მასტერკლასი ჩაუტარა და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ სახეობაში კენიელთა დომინაცია დაასრულა, რომელიც 2005 წლიდან გრძელდებოდა.
ვერცხლის მედალი ეთიოპიელმა ლამეჩა გირმამ მოიპოვა, ვინც ტოკიოშიც ვერცხლს დასჯერდა. კენიელი აწ უკვე ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, კონსესლუს კიპრუტო კი ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა.
ყატარელი ბარშიმი ტოკიოში იმით დაგვამახსოვრდა, რომ მან სიმაღლეზე ხტომაში, ოლიმპიური ოქრო, იტალიელ ჯანმარკო ტამბერისთან გაინაწილა. მაგრამ ამჯერად 2.37 მეტრზე დადებულ ტამასას გადაევლო, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია და მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.
ვერცხლის მედალს სამხრეთკორეელი ვუ სან-ჰიეოკი დაეუფლა, ვინც დახურულ არენებზე მსოფლიო ჩემპიონია. ბრინჯაოს მედალი კი უკრაინელმა ანდრიი პროცენკომ მოიპოვა.
ქალთა შვიდჭიდში დაძაბული პაექრობა ჰქონდათ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბელგიიდან ნაფისატუ თიამს და ჰოლანდიელ ანუკ ფეტერს. საბოლოოდ, თიამმა გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (რომელიც პირველად 2017 წელს მოიპოვა) დაიბრუნა. ფეტერი, ისევე როგორც ტოკიოში, ამჯერადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბრინჯაო კი ამერიკელმა ანა ჰოლმა მოიპოვა.